ალი ბაბაევი: ევროპარლამენტის რეზოლუცია ტყუილებზეა აწყობილი
„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალი ბაბაევის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია ტყუილებზეა აწყობილი. ამის შესახებ ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„665 დელეგატიდან 308 -მ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო, რომელიც არის ფალსიფიცირებული, ტყუილებზე აწყობილი რეზოლუცია. ის სინამდვილეს არ შეესაბამება. ვინც რეზოლუცია მიიღო, ის დეპუტატები არიან „სახალხო პარტიიდან“, რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულად თვლიდნენ. საქართველო, თურმე, მაგ დროს ყოფილა დემოკრატიული, აღორძინებული ქვეყანა. სინამდვილეში ქართულმა საზოგადოებამ ვიცით, რა რეჟიმი იყო ეს, რა ხდებოდა საქართველოში: პატიმრების გაუპატიურება, ბიზნესის ტერორი, გაყალბებული არჩევნები, 7 ნოემბრის მიტინგის დარბევა, თუ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.
ქართული საზოგადოება ველოდებით იმ დასკვნას, რომელსაც ევროპის ლიდერები გამოაქვეყნებენ. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მადლობას ვეტყვით. რეალურად, ჩვენ, ყველას გვესმის, რა მდგომარეობაა ევროპაში. ევროპამ თუ ქართულ საზოგადოებას ზურგი აქცია, მე ვფიქრობ, რომ ეს თავად ევროპის ბრალია და არა – ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების. საქართველომ პირნათლად შეასრულა ის ძალიან ბევრი რეფორმა, რაც ჩვენ წინაშე იყო დასახული.
მე ვეთანხმები ხუნდაძეს და ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომლებიც ამბობენ, რომ თუ ევროპამ ზურგი გვაქცია, მაშინ ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათო. უნდა ვთქვათ, რომ მოგვატყუეს. მე ქვეყნის, ხელისუფლების, ბატონი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების “ პოლიტიკას ვიზიარებ. ხელისუფლება ქვეყანაში სტაბილურობისთვის მიზანმიმართულ პოლიტიკას ატარებს“, – განაცხადა ბაბაევმა.
მისივე თქმით, მოქალაქეების უმრავლესობას ოპოზიციის ქმედებები არ მოსწონს.
„მე, როგორც აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ჩემი ხალხის პოზიციას, ჩემს სუბიექტურ აზრს ყოველთვის ვაფიქსირებ. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვებელია, მოსახლეობისთვის მიუღებელია. ამას სოციოლოგიური კვლევებიც მოწმობს. მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას არ მოსწონს ის, რაც ოპოზიციის მხრიდან ხდება.
პირველ ყოვლისა, ავიღოთ უკრაინა, სადაც იცით, რომ უკვე 100 დღეზე მეტია, ომი მიმდინარეობს. საქართველოს წინააღმდეგ ძალიან დიდი სპეკულაცია მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი უნდა გახსნას. ეს ხომ სისულელეა. ამას ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთა მეშვეობითაც 2008 წელს ტერიტორიები დაიკარგა. დღეს ისინი ქართულ საზოგადოებას და დღევანდელ ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან. საქართველოში დღეს 30 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია, სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა დიდი ჰუმანიტარული დახმარება გაიღეს. ეს უკრაინელ ვაიპოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომლებმაც უკრაინა დღეს ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს. საერთაშორისო ინსტიტუტებში საქართველომ თავისი მკაცრი პოზიცია, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა. ეს სპეკულაცია დღეს უკრაინაში იმ ხალხის მიერ მიდის, რომლებმაც წლების განმავლობაში საქართველო გაძარცვეს, ქართული საზოგადოება დაატერორეს, დიდი რაოდენობით ფული წაიღეს, 10 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ არიან და ამ ფულს ხარჯავენ, საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან. ზუსტად ეს ხალხი უნდა დაისაჯოს. სააკაშვილის და გვარამიას გვერდით უნდა დაჯდეს ყველა ის ლიდერი, რომელიც ქართულ საზოგადოებას ძარცვავდა და ატერორებდა. ეს ძალა საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ბაბაევმა.