საპარლამენტო დელეგაციამ პარიზში გამართულ პლატფორმაში “Globalize EU” მიიღო მონაწილეობა

საპარლამენტო დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი, ნოდარ ტურძელაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი შედიან, პარიზში, “Globalize EU” პლატფორმაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ამ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საკუთარი ქვეყნის განვითარებაში.

“თქვენ ბრძანდებით ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი, განათლებული და ინოვაციური ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. ქვეყნისათვის, რომელსაც არ გააჩნია ნავთობის, გაზისა და სხვა წიაღისეულის მდიდარი რესურსი, მთავარი ღირებულება,სწორედ, ადამიანური რესურსია, რომელთა ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი აქ, პარიზში არის შეკრებილი და მომართულია იმისათვის, რომ შექმნას დოვლათი, განავითაროს საკუთარი ქვეყანა, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპულ ოჯახში”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან იოსელიანმა საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი სხვებთან ერთად, მნიშვნელოვანი და წარმატებული დიასპორელების ხელშია.

პარლ”მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში შემოვედი, ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიმაჩნდა დიასპორასთან ურთიერთობა, სწორედ ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობ დიასპორის კომიტეტთან და სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას დღევანდელ კონფერენციაში. ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი სხვებთან ერთად, მნიშვნელოვანი, წარმატებული დიასპორელების ხელშია. სწორედ ამიტომ, მუდმივად მინდა ვიყო დიასპორასა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების კურსში, ვადევნებდე თვალყურს და მხარს ვუჭერდე დიასპორის ჩართულობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში,”- განაცხადა ლევან იოსელიანმა. კონფერენციის “Globalize EU” მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა. “იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც საქართველოს გააჩნია, სწრაფად დოვლათის შექმნის მთავარი წყარო ინოვაციები და ტექნოლოგიებია, განსაკუთრებით სტარტაპების ხელშეწყობა; მნიშვნელოვანია სტარტაპების დაახლოება განათლების სისტემასთან და საუნივერსიტეტო სივრცესთან, რაც ბიძგს მისცემს ახალგაზრდების ინოვატორული იდეების რეალიზებას. ამ კუთხით აქტიურად ვიმუშავებთ ხელშეწყობისთვის”,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

პლატფორმამ  – “Globalize EU” თავი მოუყარა უცხოეთში მცხოვრებ 5000-ზე მეტ წარმატებულ თანამემამულეს. კონფერენციაში 200-მა სტარტაპერმა და მოქმედმა ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები