ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ცემენტის საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები აუცილებლად უნდა შესრულდეს და რომ სამინისტრო უწყვეტ მონიტორინგს გააგრძელებს რეგულაციების ეფექტიანად აღსრულებისთვის.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საწარმოებში ჰაერში გაფრქვევის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების პროცესის მიმდინარეობის საკითხი. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც საწარმოებს გააჩნიათ რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დანერგვის მიმართულებით. აღინიშნა, რომ თითოეული მეწარმე, უახლოეს პერიოდში წარადგენს კონკრეტულ გრაფიკს, თუ რა ვადებში მოხდება საწარმოებში თვითმონიტორინგის სისტემების განთავსება.
2021 წლის 1 ივნისიდან, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, მსხვილ სამრეწველო საწარმოებს დაევალათ დანერგონ გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური თვითმონიტორინგის სისტემა და მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. საკანონმდებლო ცვლილებით, აირმტვერდამჭერი სისტემის არქონის ან გამოუყენებლობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დარღვევისთვის, სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის, ჯარიმები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების შესახებ სექტორული შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.