“ოკუპანტი სევეროდონეცკის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, მარიუპოლში კი, ქოლერის აფეთქების საფრთხეა” – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის საოკუპაციო ჯარები სევეროდონეცკის გარშემო წარმატებებს ვერ აღწევენ, ხოლო მარიუპოლსა და ხერსონში მედიკამენტებთან და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარებაა.

ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

“სევეროდონეცკის გარშემო ბრძოლა გრძელდება. რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქალაქის უმეტეს ნაწილს, თუმცა ვერ ახერხებს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უფრო ფართო ტერიტორიის ალყაში მოქცევას”, – ნათქვამია მოხსენებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის საბაზისო კომუნალური მომსახურების მიწოდებას ცდილობს. სუფთა სასმელ წყალთან წვდომა არათანმიმდევრულია და მნიშვნელოვანი შეფერხებებია სატელეფონო და ინტერნეტ სერვისებში.

„ხერსონს, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტის, მარიუპოლს კი ქოლერის დიდი აფეთქება ემუქრება. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან უკვე ფიქსირდება. ქალაქში სამედიცინო სერვისები უკვე კოლაფსს მიუახლოვდა: ქოლერის დიდი აფეთქება კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ მარიუპოლში ქოლერის აფეთქების შესახებ ქალაქის საკრებულოშიც განაცხადეს. აღინიშნა, რომ ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კიდევ ათიათასობით ადამიანი დაიღუპოს.

“ყველა ეს ფაქტორი ქოლერის ეპიდემიის დაწყების საფრთხეს ქმნის, რაც გამოიწვევს, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, სიკვდილიანობას 10%-მდე შემთხვევებს, ხოლო სისტემური მკურნალობის გარეშე დაავადება 60%-მდე სიცოცხლეს შეიწირავს”, – აღნიშნეს ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები