ვლადიმერ ჩაჩიბაია: საქართველო აძლიერებს თავის საბრძოლო მზადყოფნას არა იმიტომ, რომ ომი სურს, არამედ იმისთვის რომ გვსურს მშვიდობა

????????????????????????????????????

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოხსენება შეაფასა და აღნიშნა, რომ მინისტრის ყოვლისმომცველი და დეტალური ანგარიში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებულ ყურადღებას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართ.

„დღეს ჩვენ გვიწევს მეტად არაპროგნოზირებად და დაძაბულ რეგიონში ცხოვრება, საქართველოს წინაშე კონვენციური და არაკონვენციური საფრთხეები არსებობს. ომი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინაში, არის ჩვენს ქვეყანაში განვლილი ომების გამოძახილი. ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოს მარტოდ უწევდა მსოფლიოს ყველაზე აგრესიული სამხედრო მანქანის წინაშე გამკლავება და ეს იყო დასაწყისი აგრესიული ექსპანსიის პოლიტიკისა. შემდეგ 2008 წლის ომი და მსოფლიოს სწორედ რომ შეეფასებინა და საკადრისი პასუხი გაეცა რუსეთისთვის ჩვენ არ ვიხილავდით 21-ე საუკუნის ყველაზე სასტიკ ომს უკრაინაში და ამ პროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენს ქვეყანას მართებს დაბალანსებული და ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება“, – აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მისივე განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოება არის უზენაესი და მნიშვნელოვანია პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის გატარება. შესაბამისად, საზოგადოების მოთხოვნაა მშვიდობის უზრუნველყოფა და ხელისუფლების ამოცანა – ომი აარიდოს ქვეყანას.

„თუ ბრძოლის უკიდურესი აუცილებლობა იქნება, ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის მომზადებული და აღჭურვილი თავდაცვის ძალები და მთელი მოსახლეობა ჩვენს ჯართან ერთად მზად ვართ საკადრისი პასუხი გავცეთ ნებისმიერ აგრესორს „თუ გვსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“ ლათინური ეს გამონათქვამი აქტუალურია დღესაც, საქართველო აძლიერებს თავის საბრძოლო მზადყოფნას არა იმიტომ, რომ ომი სურს, არამედ იმისთვის, რომ გვსურს მშვიდობა. თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ეფუძნება კარგად გააზრებულ გრძელვადიან განვითარების ხედვას. პრემიერ მინისტრის და თავდაცვის მინისტრის პოლიტიკა ეფუძნება პრინციპს „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მიზნით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესებზე ისაუბრა.

„საქართველო მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციაში, საქართველო ყოველწლიურად მასპინძლობს მრავალეროვნულ სწავლებებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობას. საქართველოს თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში, საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე გათვალისწინებით დიდი მსხვერპლი გაიღო და დღესაც ჩვენი სამხედროები აქტიურად არიან ჩართულნი ევროკავშირის მისიაში ცენტრალურ აფრიკაში და მალიში“, – აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები