“სანქციები და, მით უმეტეს, ომი რომ ყოფილიყო, რისკენაც ოპოზიციური ნარატივი დღემდე გრძელდება, არც ეკონომიკის ზრდა და არც ინვესტიციების შემოდინება არ გვექნებოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან”
მთლიანად გამართლდა მოლოდინი პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალ მაჩვენებელზე, რაც ეკონომიკის 14.4 %-იანი ზრდის და ლარის გამყარების პირობებში მოსალოდნელიც იყო, – ამის შესახებ ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, მიუხედავად პოსტპანდემიური პერიოდის გამოწვევების, რასაც უკრაინის ომის გლობალური გამოწვევაც დაემატა, 2022 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 4-ჯერ მეტად – 435.7 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს – 568.2 მლნ. აშშ. დოლარს მიაღწია.
“აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა არა მხოლოდ რეკორდულია აქამდე წინა წლების პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, არამედ პანდემიამდელ 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემსაც მთელი 79.1%-ით აჭარბებს.
ამასთან, სტრუქტურულ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ფიქსირდება, როგორც სააქციო კაპიტალის, ასევე რეინვესტირების მოცულობის ზრდის და სავალო ვალდებულებების შემცირების თვალსაზრისით.
ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში რეინვესტირების მოცულობა 4.4- ჯერ – 245.6 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 318.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სააქციო კაპიტალი გაიზარდა 8.8 ჯერ – 222.3 მლნ. აშშ დოლარით და 250.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. 2022 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანეს ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, უძრავი ქონების და ტრანსპორტის სექტორებმა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ენერგეტიკის, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორებს უჭირავთ. 2022 წლის I კვარტალში ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი ინვესტიციების 41.6%-ს (236.4 მლნ. დოლარი) შეადგენს.
მნიშვნელოვანი წილით გამოირჩევა ბოლო კვარტლებში სტაბილური დინამიკის მქონე საფინანსო სექტორიც, სადაც 111.1 მლნ. აშშ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.5% შეადგინა.
უძრავი ქონების სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა კი მთლიანი ინვესტიციების 14.3% შეადგინა (81.3 მლნ. დოლარი).
2022 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 276.4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 8.5 ჯერ – 243.9 მლნ. აშშ. დოლარით (749%-ით) აღემატება 2021 წლის I კვარტლის მაჩვენებელს. ევროკავშირის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თითქმის ნახევარია და 48.7%-ს შეადგენს.
ქვეყნების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ესპანეთიდან (34.5 პროცენტი – 196.1 მლნ. აშშ. დოლარი) განხორციელდა, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო (15.3 პროცენტი – 87.2 მლნ. აშშ. დოლარი), თურქეთი (11.8 პროცენტი – 67.1 მლნ. აშშ. დოლარი), ჩინეთი (6.4 პროცენტი – 36.4 მლნ. აშშ. დოლარი), ნიდერლანდები (5.9 პროცენტი, 33.6 მლნ. დოლარი) და აშშ (5.6 პროცენტი, 31.7 მლნ. დოლარი).
საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე და პოზიტიურ მოლოდინებზე მიუთითებს ახლახან მსოფლიო წამყვანი საინფორმაციო მომსახურების მულტიმედიური დისტრიბუტორის კომპანია ბლუმბერგის, რომელიც რომელიც საფინანსო ბაზრებისა და ბიზნესსექტორის შესახებ არსებულ მონაცემებს, ანალიტიკურ მასალასა და ახალ ამბებს თავს უყრის და შემდეგ მათ მთელ მსოფლიოში ავრცელებს, ეგიდით გამოქვეყნებული სტატიაც – “როგორ გახდა საქართველო ბიზნესისა და ინვესტიციების სანდო მიმართულებად. სტატიაში ხაზგასმულია, რომ რეფორმების, შემცირებული საგადასახადო ტვირთისა და გრძელვადიანი ინვესტიციების შედეგად, საქართველო ჩნდება სტაბილურობის შუქურად ევროპისა და აზიის კვეთაზე ბიზნესის წარმოებისთვის.
საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ ერთი ინდიკატორი საერთაშორისო პარტნიორობის (International Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 კვლევა (Open Budget Survey – 2021) გამოდგება, რომლის მიხედვით, საქართველომ დიდი ნახტომი და მე- 5 ადგილიდან მსოფლიოს 120 ქვეყანაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა!
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ცალსახად წარმატებულად უნდა შეფასდეს, როგორც პოსტპანდემიური პერიოდის მართვის, ისე მიმდინარე წელს კიდევ ერთი გლობალური შოკის უკრაინული ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების მართვის თვლასაზრისითაც. ეკონომიკის მაღალ ზრდასთან ერთად, მთავრობის სტრატეგია ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, უკვე პირველ ხელშესახებ შედეგებს იძლევა, როგორც ადგილობრივი ექსპორტის სარეკორდო ზრდის, ისე გლობალური ღირებულებების ჯაჭვების წყვეტის პირობებში, ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას.
აქედანაც ჩანს, რომ მთლიანად გაამართლა ხელისუფლების სტრატეგიამ, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე და არ აყვა ოპოზიციურ ზეწოლას სანქციებთან უპირობოდ მიერთბაზე, და ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე.
ცხადზე უცხადესია სანქციები და მით უმეტეს ომი, რომ ყოფილიყო რისკენაც ოპოზიციური ნარატივი დღემდე გრძელდება, მათივე საგარეო ლობისტების აქტიური ჩართულობით, არც ეკონომიკის ზრდა და არც ინვესტიციების შემოდინება არ გვქნებოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან.
ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციების სარეკორდო ზრდა და მთლიან ინვესტიციებში ნახევარს მიუახლოვდა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სტრატეგიის წარმატებულ ხასიათზე და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე მიანიშნებს, რაც უკვე ამ თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღების სტატუს სავსებით რეალურს ხდის”, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.