უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი, ალექსი დანილოვი ამბობს, რომ ამჟამად არ არსებობს საბოლოო პასუხი კითხვაზე, თუ რატომ მოხდა უკრაინის სამხრეთ რეგიონების ოკუპაცია.
ამის შესახებ დანილოვმა “რადიო თავისუფლების” შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა.
„ძალიან რთული კითხვაა. მოსაზღვრე რაიონებთან დაკავშირებით საბჭოში სხდომა გვქონდა (საუბარი იყო ხერსონის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, დონეცკის ოლქებზე). დღესდღეობით საბოლოო პასუხი არ არსებობს. მაგრამ ამაზე პასუხის გარეშე მომავალში ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ, აუცილებლად მივიღებთ პასუხს, რატომ მოხდა ეს და ვინ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
დანილოვის თქმით, ახლა უკრაინის უპირველესი ამოცანაა რუსეთის არმიისთვის სამხედრო პასუხის გაცემა.
”ომია და ახლა პრიორიტეტია მტრისთვის პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, ახლა შეგვიძლია კითხვებზე პასუხების ძიებაზე გადასვლა, თუ როგორ მოხდა სამხრეთის ოკუპაცია, მაგრამ შემდეგ წამოვა ბრალდებები და დაიწყება პოლიტიკური პროცესები. პოლიტიკური საკითხები კი, ამჟამად, გარკვეულ პაუზაზეა დაყენებული იმიტომ, რომ მტერი უნდა დავძლიოთ და აქ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი”, – განმარტა დანილოვმა.