შეერთებული შტატების ხაზინა ამერიკელებს რუსული აქციების და ობლიგაციების შეძენას უკრძალავს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ახალი საინვესტიციო შეზღუდვები გამოსცა, რომლებიც ამერიკელებს რუსული აქციებისა და ობლიგაციების შეძენას უკრძალავს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
აღნიშნული აკრძალვა მოსკოვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთზე ფინანსური ზეწოლის გასაძლიერებლად აშშ-ის ოფიციალური პირების უახლესი ნაბიჯია.
სახაზინო დეპარტამენტის მიერ 6 ივნისს გამოქვეყნებული ახალი სახელმძღვანელოს თანახმად, ამერიკელ ინვესტორებს ეკრძალებათ „როგორც ახალი, ისე არსებული სავალო და კაპიტალის ფასიანი ქაღალდების შეძენა, რომლებიც გამოშვებულია რუსეთის ფედერაციის სუბიექტის მიერ“.
აქამდე ამერიკელებს შეეძლოთ რუსული აქციებისა და ობლიგაციების ყიდვა, რომელიც ხელიდან ხელზე გადადიოდა მეორად ბაზრებზე.
როგორც სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, ამერიკელებს კვლავ ექნებათ უფლება გაყიდონ რუსული აქციები და ობლიგაციები, თუმცა მხოლოდ „არაამერიკელ პირებზე“.