მამუკა მდინარაძე – გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: ჰალუცინაციები დაწყებია უკვე ხალხს – ნუ ეშინიათ ნურაფრის, დამშვიდდნენ და დაწყნარდნენ
“ჰალუცინაციები დაწყებია უკვე ამ ხალხს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს.
მდინარაძე ვაშაძეს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„ჰალუცინაციები დაწყებია უკვე ამ ხალხს. თუმცა, ამას თავისი საფუძველი აქვს – გუშინ ისეთი უზნეობა იკადრა, ეტყობა, მერე შეეშინდა. კრებსითად ვამბობ, მარტო გიორგი ვაშაძე ხომ არ არის, იმ მხარეს, სადაც ადამიანები ომის პროპაგანდას აწარმოებენ და ვაჟკაცებად გამოჰყავთ თავიანთი თავი, დღეს დარბაზში ვერ შემოდიან ბრიფინგით დაზღვევის გარეშე იმდენად მშიშრები არიან. თავის დროზე ეს ხალხი კორპუსიდან უბანში ვერ ჩადიოდა უბნის ბიჭების შიშით და ეს ხალხი დღეს ომის პროპაგანდას ეწევა. ეს კონკრეტული ადამიანი ისე ვერ შევიდა დარბაზში ბრიფინგი რომ არ ჩაეტარებინა თავის დასაზღვევად. შიშის საფუძველი არ აქვს. ჰალუცინაცია იმიტომ ვთქვი, რომ ამის საფუძველი არ აქვს. მოეჩვენა რაღაცები და მის მოჩვენებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, უბრალოდ შეშინებული ხალხი სხვანაირად პოზიციონირებს და ნუ ეშინიათ ნურაფრის. დამშვიდდნენ და დაწყნარდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.