სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კიევის ზურგს უკან არ უნდა იმართებოდეს. გასათვალისწინებელია ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა გააკრიტიკა ზოგიერთი დასავლელი მოკავშირის მცდელობა, გამართონ კულისებში მოლაპარაკებები და გაარკვიონ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობები.
„ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინის ზურგს უკან მოლაპარაკებები არ შეიძლება. როგორ შეიძლება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ქვეყნის პოზიციის მოსმენის გარეშე? ეს ძალიან უცნაურია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, დასავლელ მოკავშირეებს შეუძლიათ მეტი გააკეთონ, რათა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან. მათ შეუძლიათ უზრუნველყონ უკრაინა საჭირო იარაღით და დააწესონ მკაცრი ეკონომიკური სანქციები, მათ შორის ნავთობისა და გაზის სრული ემბარგო. ზელენსკი თვლის, რომ კიევის პარტნიორებმა მშვიდობისთვის „წინაპირობები“ უნდა შექმნან.
„თქვენ გაქვთ გავლენა შედეგზე… სიტყვების გარდა, თქვენ უნდა აჩვენოთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ რეალურად“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.