ზურაბ აზარაშვილი მალდივის რესპუბლიკის გენდერის, ოჯახის და სოციალური სერვისების მინისტრს, ასევე, განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი მალდივის რესპუბლიკის გენდერის, ოჯახის და სოციალური სერვისების მინისტრს, ასევე, განათლების მინისტრს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა სტუმრებს, სოციალური მიმართულებით სამინისტროს გამოცდილების გაუზიარა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დელეგაციის წევრები ბავშვთა ზრუნვის, ასევე, მოწყვლადი ჯგუფების, ძალადობის მსხვერპლი პირების დაცვის და შშმ პირთა სერვისებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო დიდი ზომის ბავშვთა სახლებისა და პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში საქართველოს მიღწეულ წარმატებას.
“დაგეგმილია დელეგაციის წევრების ვიზიტი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, სადაც ისინი იმ სერვისებს გაეცნობიან, რასაც სააგენტო მოწყვლად ჯგუფებს სთავაზობს.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – თამილა ბარკალაია და სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი – თეა გვარამაძე ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.