მაია ფანჯიკიძე: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რუსეთთან ურთიერთობების უმთავრეს ფორმატად რჩება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება რუსეთთან ურთიერთობების უმთავრეს ფორმატად – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ “ამბასადორიალი 2014”-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა,საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ფანჯიკიძის თქმით, მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს უკანონო ქმედებებს, განაგრძობს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების განთავსებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
“საქართველოს პრაგმატული მიდგომის შედეგად, შესაძლებელი გახდა გარკვეული პოზიტიური დინამიკის მიღწევა რუსეთთან ეკონომიკისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თუმცა რუსეთი კვლავ აგრძელებს უკანონო ქმედებებს, განაგრძობს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების განთავსებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეც კი. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება ადეკვატურ პასუხად იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა“,- განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება რუსეთის ბოლო გადაწყვეტილებას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეჩერებაზე, ფანჯიკიძის თქმით, ეს არ ნიშნავს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვას. “შედეგად შეიცვლება მხოლოდ საბაჟო ტარიფები, რაც გავლენას მოახდენს სავაჭრო მაჩვენებლებზე”, – აღნიშნა მინისტრმა.