მაია ფანჯიკიძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და სტრატეგიული მიზნები უცვლელი რჩება

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და სტრატეგიული მიზნები უცვლელი რჩება და ხელისუფლების ძირითადი ორიენტირი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ “ამბასადორიალი 2014”-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ასოცირების შედეგად ევროინტეგრაცია საქართველოს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტიც გახდა. მისვე თქმით, წლის განმავლობაში დინამიკურად ვითარდებოდა ურთიერთობები ნატოსთან, მათ შორის, სამხედრო და თავდაცვით სფეროებში.
“ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას ადასტურებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მივუერთდით ევროკავშირის 215 განცხადებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. წლის განმავლობაში დინამიკურად ვითარდებოდა ურთიერთობები ნატოსთან, მათ შორის, სამხედრო და თავდაცვით სფეროებში. უელსის სამიტისათვის საქართველოს საკითხის სათანადოდ მოსამზადებლად შევქმენით უწყებათშორისი ჯგუფი, რომელიც აქტიურ კონსულტაციებს მართავდა ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. იმედი გვაქვს, რომ უელსის სამიტზე ადეკვატურად შეფასდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები