საქართველომ უკრაინასთან მიმართებით მხარდაჭერა ბევრი კუთხით გამოიჩინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არავინ სთხოვს ეროვნულ სანქციებს, თუმცა უკრაინის მიმართ მორალური სოლიდარობა გვმართებს.
„საქართველომ უკრაინასთან მიმართებით მხარდაჭერა ბევრი კუთხით გამოიჩინა. ჩვენ სხვანაირად ვსაუბრობთ, მაგრამ სანქციებთან მიმართებით, მიღებული იქნა ის ფინანსური სანქციები, რომელიც არის ყველაზე მძიმე, რომელიც ყველას ევალება და ჩვენც ვართ ამის ნაწილი. არავინ გვთხოვს ჩვენ იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება.
ჩვენ არავინ გვთხოვს ეროვნულ სანქციებს. სხვათა შორის, ევროპაში ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს დამატებით ეროვნული სანქციები იმ მთავარ სანქციებთან ერთად, როგორიც ფინანსური სანქციებია და ადამიანების სიები, რომლებსაც ევროპის ტერიტორიაზე არ უშვებენ.
ჩვენ რატომღაც საჭიროდ ვთვლით, რომ უარი ვთქვათ ისეთ რაღაცებზე, რომელზეც ჩვენზე მოთხოვნა დაწესებული არ არის და ესეც არ მესმის. რატომ არის საჭირო, რომ ჩვენ წინმსწრებად რაღაცებს ვაცხადებდეთ. ჩვენზე დამატებითი სანქციების არანაირი მოთხოვნა არ არის, არანაირი მოთხოვნა არ არის ჩვენზე არსაიდან, მე ვამბობ ჩვენი პარტნიორებისგან არსად, მე სადაც ვიყავი არავისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.