“მკაფიო სიგნალი პუტინისთვის” – დანიის მოსახლეობის 66,9% ევროკავშირთან საერთო თავდაცვით პოლიტიკას უჭერს მხარს

დანია ევროკავშირის უსაფრთხოების საერთო პოლიტიკას შეუერთდება.

ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამ გადაწყვეტილებას მხარი ამომრჩეველთა 66,9%-მა დაუჭირა, 33,10% წინააღმდეგი იყო.

როგორც რეფერენდუმის შეჯამებისას ქვეყნის პრემიერმა, მეტე ფრედერიქსენმა თქვა, “ჩვენ პუტინს მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, აჩვენებს, რომ როდესაც პუტინი შეიჭრება თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში და ემუქრება მშვიდობასა და სტაბილურობას, ჩვენ ერთმანეთს სულ უფრო დავუახლოვდებით”.

რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დანიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას ევროკავშირის თავდაცვის დისკუსიებში, შეიარაღებულ ძალებს კი ევროკავშირის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა შეეძლებათ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კენჭისყრა  „ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთგულების მიმართ ძლიერი სიგნალია“ და რომ ეს შედეგი სასარგებლოა როგორც დანიისთვის, ისე – ევროკავშირისთვის.

დანია  ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც საერთო თავდაცვის პოლიტიკაზე თქვა უარი. თუმცა, ქვეყნის პრემიერმა რეფერენდუმი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორ კვირაში დანიშნა.

გარდა ამისა, გადაწყდა თავდაცვითი ხარჯების გაზრდა მშპ-ის 2%-მდე, როგორც ამას ალიანსში წევრობა მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები