პრემიერი ქართველ ელჩებს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გააქტიურებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ ელჩებს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მაქსიმალურად გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
“ეკონომიკურად განვითარებული, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა არის არსებული გამოწვევებისადმი ჩვენი პასუხი. განსაკუთრებით უნდა გამოვყო ეკონომიკური დიპლომატიის როლი ჩვენ მიერ დასახული პრიორიტეტების განხორციელების საქმეში. მინდა ხაზი გავუსვა ამ მხრივ თქვენი ძალისხმევის მნიშვნელობას და მოგიწოდოთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რომ მაქსიმალურად გაააქტიუროთ საქმიანობა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით”, – მიმართა ღარიბაშვილმა ქართველ დიპლომატებს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე ამბასადორიალზე.
პრემიერის განცხადებით, მთავრობა დიპლომატებს ჰპირდება, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს ქვეყანაში შესაბამისი ბიზნესგარემოს უზრუნველსაყოფად. სიტყვით გამოსვლის ბოლოს ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია, ააშენოს ქვეყნია, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა.
“თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ დაცულად უნდა იგრძნოს თავი, მათ შორის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სახელმწიფოში ცხოვრება მიმზიდველი გავხადოთ. ეს არის ჩვენი საზრუნავი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ – ყველა ერთად ამას შევძლებთ. ყველას მინდა გისურვოთ წარმატებული საქმიანობა. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ძალას არ დაიშურებთ და ყველაფერს გააკეთებთ ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად, სახელმწიფოსთვის სათანადო იმიჯის შესაქმნელად და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.