„საქართველომ ბოლო 2 წლის განმავლობაში აჩვენა, რომ რუსეთთან მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა“
ბოლო წლის განმავლობაში ჩვენი რეგიონისთვის და ალბათ, არა მარტო ჩვენი რეგიონისათვის, არამედ გლობალურად, მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემები მნიშვნელოვანწილად შეირყა და გამოცდის წინაშე დადგა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარტნიორებმა იცოდნენ მესიჯი, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, გრძელდება უკრაინაში 2014 წელს.
“ჩვენ ვიაზრებთ იმ პროცესს, რომელიც მოხდა უკრაინაში 2014 წელს, როგორც უშუალო გაგრძელებას 2008 წლის მოვლენებისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია და ეს მესიჯი იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ის პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს, რეალურად გრძელდება 2014 წელს და საქართველო ერთმნიშვნელოვნად მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ამ პროცესების სტაბილიზაცია და მშვიდობის ჭრილში გადაყვანა. ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ, და მე აქ მინდა ხაზი გავუსვა ამ პოზიციას, იმიტომ რომ რუსეთთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობები, არამედ ეს არის ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, ამაზე საუბარი ყველა ქვეყანასთან მიმდინარეობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო აკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთთან ურთიერთობამ კონსტრუქციულ კონტექსტში გადაინაცვლოს. მისივე თქმით, საქართველომ ბოლო 2 წლის განმავლობაში აჩვენა, რომ რუსეთთან მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა.
“მაგრამ ამოსავალი ამ კეთილმეზობლური ურთიერთობებისა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.