საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, რუმინეთის სენატის პრეზიდენტს, ფლორინ ვასილე ჩიცუს და დეპუტატთა პალატის ვიცე-სპიკერს და საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების მაღალი დონე.

მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური საკითხები, მათ შორის, სატრანსპორტო დერეფნების უფრო მეტად გამოყენების და მისი სრულად ათვისების შესაძლებლობები. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

„ყველა შეხვედრაზე რუმინულმა მხარემ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და დაგვპირდნენ, რომ ისინი იმუშავებენ თავიანთ ევროპელ კოლეგებთან, რომ საქართველომ ეს სტატუსი მიიღოს. ისინი, ასევე მხარს დაუჭერენ ნატო-ს მადრიდის სამიტზე, საქართველოს წევრობის შესახებ უფრო კონკრეტული და მკაფიო ჩანაწერის მიღებას.”- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ვიზიტების გააქტიურების და საქართველოს პარლამენტს და რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის და პარტნიორობის ხელმოწერის საკითხი. რუმინულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს საქართველოს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, ისკო დასენი და რამაზ ნიკოლაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები