გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ამკრძალავი ნორმატიული აქტების აღსრულების შესახებ ანგარიში მოისმინა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ამკრძალავი ნორმატიული აქტების აღსრულების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის მომზადებული ანგარიში მოისმინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხსენებლის, გენდერულ თანასწორობის საბჭოს წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სექსუალური შევიწროება დღეს ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის სირთულეებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებით კი, ქალები აწყდებიან, როგორც საჯარო სივრცეში, ასევე შრომითი ურთიერთობების დროს და ხშირ შემთხვევაში კანონი, რომელიც სრულ ჰარმონიზაციას შეიძლება მოდიოდეს, საერთაშორისო სტანდარტებთან არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით პროპორციული და სამართლებრივი პროცესი იყოს უზრუნველყოფილი.
მისი თქმით, მთავარი გამოწვევა არის მიმართვიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც თუნდაც მე-9 მოწვევის პარლამენტში იქნა ჩვენს მიერ განხორციელებული, რაც დადებითადაა შეფასებული, მათ შორის, დაინტერესებული მხარეების მხრიდან, ფაქტია, რომ მიმართვიანობა მთავარ გამოწვევად რჩება დღეს. ეს განპირობებულია, ერთი მხრივ, იმით, რომ საზოგადოების ცნობიერება ამ მხრივ დაბალია, გარკვეული სტიგმა ძლიერია და ამის გამო მისი გადალახვა არ ხდება. მეორე მხრივ, ჩვენი ვალდებულება არა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებზე გვქონდეს რეაგირება, არამედ ვიმუშაოთ იმ თვალსაზრისით, რომ მიმართვიანობა გაიზარდოს, რომ ნებისმიერმა მსხვერპლმა, ვინც დამცირებულად ან ღირსებაშელახულად იგრძნობს თავს აუცილებლად დაიცვას საკუთარი უფლება. ჩვენ ამ დაცვის შესაბამისი გარანტიები უნდა მივცეთ ადამიანებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ის ამოიღებს ხმას და ეცდება სამართლებრივ რეაგირებას, ამან კიდევ უფრო მეტად კი არ გაართულოს მისი მდგომარეობა, არამედ პირიქით. ეს არა მარტო მისთვის, არამედ სხვა პოტენციური მსხვერპლებისთვისაც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, საკითხის მოკვლევაში ჩართული იყო სახალხო დამცველის აპარატი, საერთო სასამართლოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის ინსპექცია, კოალიცია „თანასწორობისთვის“, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ხოლო პროცესის მხარდამჭერი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ – დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.