ლევან დავითაშვილი – „დამოუკიდებლობის აღიარების პირველივე დღიდან გვაქვს გერმანიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მათ შორის, დონორული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელების კუთხით”
ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ფორუმში და გერმანული ბიზნესის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. ფორუმში ასევე მონაწილეობდა გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში.
ვიცეპრემიერმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო – გერმანიის განსაკუთრებულ ურთიერთობებს როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ დონეზე. მისი თქმით, გერმანიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„გერმანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და ასევე პირველი სახელმწიფოა, რომლის საელჩოც თბილისში გაიხსნა.
დამოუკიდებლობის აღიარების პირველივე დღიდან ჩვენ გვაქვს გერმანიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მათ შორის, დონორული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელების კუთხით, რომლებიც ძალიან ეფექტიანად მიმდინარეობს,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცეპრემიერის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია.
„საქართველოს ეკონომიკას აქვს შოკების მიმართ საკმაოდ მაღალი მედეგობა. აქედან გამომდინარე, ბიზნესგარემო, კლიმატი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის არის საკმაოდ ხელსაყრელი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანული ბიზნესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. დღეისთვის გერმანიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით დაახლოებით 500 მლნ ევროა ინვესტირებული,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფორუმზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც ქმნიან ინვესტირების ახალ შესაძლებლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. ვიცეპრემიერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ისეთ დარგებზე, როგორიცაა სხვადასხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოება, გადამამუშავებელი და ტექნოლოგიური სექტორი, ენერგეტიკა და საავტომობილო და საავიაციო ნაწილების წარმოება.