ბექა ოდიშარია და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი – ნანა გაბელია და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი გაბედავა.

„შეხვედრაზე, ძირითადად, დიასპორებთან მიმართებით საერთო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ვისაუბრეთ. ვაპირებთ ვიზიტების ორგანიზებას საინტერესო პლატფორმების ირგვლივ სტამბოლში, ასევე, იმ ქვეყნებში, სადაც მრავალრიცხოვანია ქართული დიასპორა. ასეთი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზღვარგარეთ გაცილებით ადვილია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს ტერიტორიიდან გასული ადამიანების შეხვედრების ორგანიზება საქართველოს სხვა კუთხეებიდან გასულ ადამიანებთან. საზღვარგარეთ ასეთი ტიპის შეხვედრები ადამიანებს შორის პირდაპირი, საქმიანი დიალოგის გამართვის საშუალებას იძლევა.

ასეთ ვითარებაში ადამიანებს გაცილებით უფრო უადვილდებათ კონტაქტების დამყარება და აქტუალურ საკითხებზე საქმიანი მსჯელობა. შეხვედრაზე განვსაზღვრეთ ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და მათი განხორციელების გზები დავსახეთ”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები