ირაკლი ღარიბაშვილი: ძლიერი, მაღალპროფესიონალური, წარმატებული პოლიცია საქართველოს ძლიერებისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა; დღეს ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია – ერთობა პროფესიონალი, საქმისთვის თავდადებული ადამიანებისა, რომლებიც თითოეული მოქალაქის სიმშვიდეს და ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ
პოლიციელის დღეს ვულოცავ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ძლიერი, მაღალპროფესიონალური, წარმატებული პოლიცია – საქართველოს ძლიერებისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა.
“დღეს ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია – ერთობა პროფესიონალი, საქმისთვის თავდადებული ადამიანებისა, რომლებიც თითოეული მოქალაქის სიმშვიდეს და ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების, თქვენი მეგობრებისა და კოლეგების ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ქვეყნისა და ხალხისათვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო.
ჩვენი ხალხის, მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, დიდ მადლობას გიხდით თქვენი ფასდაუდებელი შრომისათვის, სამშობლოს ერთგულებისათვის. კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.