რატომ არის საზიანო ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები – “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარის განმარტება

“თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს, ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები ნაკლები ზიანის მომტანია, აბსურდულია. ამის შესახებ ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოს ნაწარმში სხვადასხვა მავნე ნივთიერება და მძიმე მეტალები უფრო მაღალი კონცენტრაციითაა, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს კვამლში.

„სამწუხაროდ, თამბაქოს ინდუსტრია თავისი ახალი მარკეტინგული სტრატეგიებიდან გამომდინარე ახალი ტიპის პროდუქტების არალეგალურ პოპულარიზაციაზე გადავიდა, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისათვის არანაკლებ ლეტალური და საშიშროების შემქმნელია.

ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოს პროდუქტზე მოგახსენებთ. ელექტორენულ სიგარეტში, გლიცერინსა და გლიკოლში ქიმიური დანამატები იხსნება, 120 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე გახურების შედეგად ჩვეულებრივი გლიცერინიც კი ტოქსინად, მომწავლელი ნივთიერებების მთელ ბუკეტად გადაიქცევა ხოლმე. შესაბამისად, სერიოზული პრობლემების შემქმნელია. ამას ერევა ქიმიური დანამატები და მათი აორთქლების შედეგად როგორც ტოქსინები, ისე – კანცეროგენები, ანუ კიბოს გამომწვევი ნივთიერებები წარმოიქმნება.

რაც შეეხება გასახურებელი თამბაქოს პროდუქტს, ის ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტია, მასში კონცენტრირებულია ნიკოტინი, ასევე, ქიმიურად იმდაგვარადაა დამუშავებული, რომ არ იწვოდეს, ჩვეულებრივი ასანთით ვერ დაწვავ. იმისთვის, რომ გახურდეს, ქიმიური საშუალებებით სპეციალურად ამუშავებენ. ამ დამუშავების შედეგად, მასში უცხო სახის ტოქსინები, მომწამვლელი ნივთიერებები აღმოჩნდა, რომელიც თამბაქოს ნაწარმში საერთოდ არ ფიქსირდება.

ასევე, თამბაქოს კონკრეტულმა მწარმოებელმა კომპანიამ თამბაქოს შემადგენლობის შესახებ სრული ინფორმაცია დამალა, საუბარია 56 ტოქსინსა და კანცეროგენზე. აქედან 22 ნივთიერების კონცენტრაცია 2-ჯერ აღემატება იმ კონცენტრაციას, რაც თამბაქოს კვამლშია. ინფორმაცია, თითქოს, ასეთი სახის პროდუქტები ნაკლები ზიანის მომტანია, აბსურდულია.

ეს სისულელეა და მათ მარკეტინგს არ უნდა დავუჯეროთ, რომელშიც ბოლო პერიოდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინტენსიურად ითრევენ, ატრენინგებენ ოჯახის ექიმებს, სტომატოლოგებს, სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმებს. მათი მთავარი მიზანია, ახალი გასახურებელი პროდუქტების პოპულარიზაცია მოახდინონ იმ თვალსაზრისით, რომ თუ თქვენი პაციენტი სიგარეტს თავს ვერ ანებებს, ე.წ. ზიანის შემცირების პროდუქტი გვაქვს და ამ პროდუქტზე გადაიყვანეთო. ანუ, ფაქტობრივად, ექიმები თამბაქოს ინდუსტრიის ლეტალური პროდუქტების გამომწერები და მომხმარებლებისთვის მიმწოდებლები უნდა გახდნენ. არცერთ შემთხვევაში, არცერთი ტიპის თამბაქოს პროდუქტი არანაირი ზიანის შემცირების პროდუქტი არაა. მით უმეტეს, ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოს ნაწარმში სხვადასხვა მავნე ნივთიერება და მძიმე მეტალები უფრო მაღალი კონცენტრაციითაა, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს კვამლში“, – განაცხადა ბახტურიძემ.

მისივე თქმით, თამბაქოზე დამოკიდებულების 4 ტიპი არსებობს.

ჯანმო ამბობს, რომ ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივა ყველა ამ პროდუქტზე თავის დანებებაა. საქართველოში ამ კუთხით გარკვეული სერვისები არსებობს, არის ცხელი ხაზის ნომერი – 116001, ასევე, მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“; არსებობენ სპეციალისტები, მათ შორის, მეც, ჩვენ ღიად მოგვმართავენ, რომ ნებისმიერ პროდუქტზე დამოკიდებულებისგან თავის დაცვაში დავეხმაროთ.

რატომაა ეს პროცესი გარკვეულწილად რთული, მოკლედ მინდა, გითხრათ, რომ 4 ტიპის დამოკიდებულება არსებობს: ერთია ფიზიკური დამოკიდებულება და ნიკოტინზე მიჯაჭვულობა, როგორც უძლიერეს ნარკოტიკზე, შესაბამისად, მასზე თავის დანებება როგორც ადამიანის ძალისხმევას, ისე მედიკამენტებს საჭიროებს, თუ დამოკიდებულება, საშუალოზე მაღალია. ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნას 2 – 3 კვირა სჭირდება.

ასევე, არის ქცევითი დამოკიდებულება: მოტორიკა, რაც მოწევის პროცესთანაა დაკავშირებული, ჯანმო ამბობს, რომ არც ელექტრონული სიგარეტი, არც გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი თამბაქოსთვის თავის დანებების საშუალებებს არ წარმოადგენენ, რადგან ნიკოტინს შეიცავენ და ქცევას ინარჩუნებენ.

ასევე, არსებობს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. უარყოფითი, თუ დადებითი ემოციები მწეველს მოწევის პროცესს ახსენებენ. მეოთხე სოციალური ტიპის დამოკიდებულებაა, როცა ადამიანი ხშირი მომხმარებელი არაა ლ, მაგრამ როცა მეგობრების წრეში ხვდება, თამბაქოს პროდუქტს მაშინ მოიხმარს.
ქცევითი და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მოსახსნელად 1 წელია საჭირო, რაც შეეხება სოციალურ დამოკიდებულებას: ბევრს ჰგონია, ხანდახან რომ ეწევა, უფრო ადვილად დაანებებს თავს, ამ დროს კი მოწევისთვის თავის დასანებებლად 2 წელია საჭირო.

მოწევისთვის დავის დანებების უნივერსალური საშუალებები არსებობს, უკვე მილიონამდე ადამიანზე კარგად გამოცდილია, საუბარია ბუნებრივ საშუალებებზე: პირველ რიგში, ესაა სასმელი წყლის ნელ-ნელა მირთმევა, როცა ადამიანს მოწევა უნდა, შეუძლია, ყლუპ-ყლუპად წყალი მიირთვას. ეს ხელს უწყობს დეტოქსიკაციას, ასევე, ყურადღების გადატანის საშუალებაა. მეორე საშუალებაა სუნთქვა: ღრმად ჩასუნთქვა – ამოსუნთქვაა მნიშვნელოვანი, 10 ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა საშუალებას გვაძლევს, თავის ტვინი ჟანგბადით კარგად მომარაგდეს და აზრი, რომელიც გაწვებათ – მოწიოთ სიგარეტი, იფანტება. მესამეა: გააკეთო ნებისმიერი რამე: შეიძლება ეს იყოს ფიზიკური აქტივობა, სეირნობა, ცეკვა, საოჯახო საქმიანობა, ხატვა , მუსიკის მოსმენა. უამრავი რამ, რაც ყურადღებას გადაგატანინებთ.

საქართველოში ამ 4 წლის განმავლობაში, რაც თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა მუშაობს, საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს: თამბაქოს მოხმარება მთელ საზოგადოებაში 4 %-ით შემცირდა, მწეველებში კი 10 %-ით. მოწეული თამბაქოს პროდუქტების რაოდენობა 15 % -ით შემცირდა. სწორედ ამიტომაა, რომ თამბაქოს ინდუსტრია, როგორც ჩანს, აგრესიულ მარკეტინგზე გადავიდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარს კარგავს და ცდილობს ბევრი ადამიანი = ნარკომანიის ამ ფორმაში ჩაითრიოს“ – განაცხადა ბახტურიძემ.
ცნობისთვის, დღეს, 31 მაისს თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე აღინიშნება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები