ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის და გვინდა, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
“სავარაუდოდ, ევროკომისიის დასკვნა საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე მომავალ კვირაში იქნება. თავს შევიკავებ იმაზე სპეკულირებისგან, როგორი იქნება კომისიის საბოლოო შეფასება და წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ როგორიც უნდა იყოს შედეგი, იმაზე ნაკლები თუ მეტი, რა მოლოდინებიც არსებობს, პირობებით, თუ პირობების გარეშე, საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ საკითხზე და მიიღოს ის შედეგები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის.
ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაგეხმაროთ, ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში წარმატების მიღწევაში იმის მიუხედავად, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის და ჩვენ გვინდა, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.