ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდა

საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრთან შეხვედრით დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მეორე ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
„საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდად ვაფასებთ. დიდად ვაფასებთ, რომ მეორე ოფიციალური ვიზიტით გვეწვიეთ”, – აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრემიერმინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე დიდი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა ქმნის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით – მათ შორისაა განათლება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში – ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები