ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალურ დონეზე “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების რისკს “ზომიერად აფასებს”, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ სიტუაცია შესაძლოა, გაუარესდეს.
ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ჯანმო-ს “მაიმუნის ყვავილის” უკვე 257 ლაბორატორიულად დადასტურებული და 120 საეჭვო შემთხვევის შესახებ აქვს ინფორმაცია. ამასთან, გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
„ამჟამად, გლობალურ დონეზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთო რისკი შეფასებულია, როგორც ზომიერი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ ინფექციის უეცარი გამოჩენა და ფართო გეოგრაფიული გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა უკვე ხდება და შესაძლოა, ის ცირკულირებდა კვირების ან მეტი ხნით ადრე, ვიდრე შესამჩნევი გახდა.
ამავდროულად, ჯანმო აღნიშნავს, რომ ,,მაიმუნის ყვავილთან,, დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი შესაძლოა, გახდეს მაღალი, თუ ვირუსი დამკვიდრდება პათოგენად და გავრცელდება მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, როგორიც მცირეწლოვანი ბავშვები და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებია.