“უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე” –  თბილისში ხვალ კონფერენცია ჩატარდება

30 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რედისონი“, სამი ორგანიზაცია – „სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) და „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ მართავენ კონფერენციას „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე.“

აღნიშნული ორგანიზაციების ცნობით, კონფერენციას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.  ღონისძიებას დაესწრებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სამოქალაქო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

“კონფერენციის მიზანია გავაანალიზოთ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში, ვიმსჯელოთ ევროპასთან ინტეგრაციის არსსა და ევროკავშირის წევრობის სტატუსის პერსპექტივაზე.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა თითქმის მთელი ცივილიზებული სამყარო გააერთიანა და გახსნა კარი უსაფრთხოების სრულიად ახალი სისტემებისთვის, რაც ინტეგრაციისა და თანამშრომლობის სულ სხვა ხედვასა და შესაძლებლობებს გულისხმობს. საქართველო, რომელიც თავის მხრივ, არის რუსული აგრესიის მსხვერპლი, ამ ახალი რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის ცენტრშია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის კითხვარის მიღება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ამ შეცვლილი დინამიკის მხოლოდ ერთი ნაწილია. დისკუსიის მიზანია, აღმოვაჩინოთ, გავაანალიზოთ და ვიმსჯელოთ ევროპასთან ინტეგრაციის მთავარ არსზე ფორმალური პროცედურების მიღმა.

კითხვარის შევსებისა და მისი ბრიუსელში გაგზავნის შემდეგ, საჭიროა დაისვას კითხვა, თუ რატომ მივისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ და როგორ უნდა შევცვალოთ ის განსხვავებები, რომლებიც არსებობს ფურცელზე აღწერილ საქართველოსა და რეალურს შორის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები