ირაკლი ღარიბაშვილი: ყველგან მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდაჭერ რეზოლუციებს, საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი ძალიან სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი
მე ვფიქრობ, რომ ამ მოხსენების შემდეგ, თუ ადამიანი თავიდანვე არ არის უბრალოდ განწყობილი კონფლიქტისთვის და საფუძველ გარეშე ბრალდებების წამოყენება და ცილისწამების გაგრძელება არ სურს, მე უბრალოდ მრჩება კითხვა – კიდევ დამატებით რა უნდა გაეკეთებინა მთავრობა ამ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენ გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
პრემიერმა დავით უსუფაშვილის პასუხად განაცხადა, რომ მთელი ხელისუფლება, მთელი ორი თვის განმავლობაში საუბრობდა იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველო არის 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში.
„ბატონო დავით, ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა მე შეგახსენეთ თქვენ, რა თქმა უნდა, იყო ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამის თაობაზე ჩემი მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, მთელი ხელისუფლება, მთელი ამ ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით, გიხსნიდით და დეტალურ ინფორმაციას მივაწვდიდით საზოგადოებას, მაგრამ ერთი არის როცა ადამიანს არ სურს გაგება იმისა, თუ რას აკეთებს ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ ამ მოხსენების შემდეგ, თუ ადამიანი თავიდანვე არ არის უბრალოდ განწყობილი კონფლიქტისთვის და საფუძველ გარეშე ბრალდებების წამოყენება და ცილისწამების გაგრძელება არ სურს, მე უბრალოდ მრჩება კითხვა – კიდევ დამატებით რა უნდა გაეკეთებინა მთავრობა ამ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ თურმე საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არ ეხმარება უკრაინას. ამ დროს, მე შეგახსენებთ ყველას მეგობრებო, რომ საქართველო არის 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში ჩვენი უკრაინელი მეგობრების, ხალხის დასახმარებლად. ჩამოვთვალე, რომ 235 რეზოლუციაზე და ტექსტზე ვართ, განცხადებაზე ვართ მიერთებული.
აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ბატონო დავით და თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ. თქვენი ინტერპრეტაცია გასაგებია და თქვენი მოტივაციაც გასაგებია. მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ რა თქმა უნდა პოლიტიკურ დონეზე ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმატში, ყველგან მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდაჭერ რეზოლუციებს, მაგრამ აქვე განვმარტე და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი ძალიან სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი. მე ეს ჩემს პირველივე გამოსვლაში ვთქვი, რომ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რაც შეეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
მე მინდა გკითხოთ, თქვენ რომ გვიყიჟინებდით და მოგვიწოდებდით დაუწესეთ ეკონომიკური ფინანსური სანქციები რუსეთსო, მინდა გკითხოთ, თქვენ თუ გაქვთ წარმოდგენა საერთოდ, რომ 1 მლნ ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე. ამ ფონზე, მითუმეტეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე, ეროვნული ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე, რა თქმა უნდა, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ჩვენი სოლიდარობისა უკრაინის მიმართ, ჩვენი პარტნიორების მიმართ, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ, იმიტომ რომ თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა, მსოფლიო ეკონომიკის რეცესიაა მოსალოდნელი, ინფლაცია ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს გადაცდა, მაგალითად მოლდოვაში 27%-იანი ინფლაცია აქვთ, აღარ მაქვს საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და ამ პირობებში ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას,”- აღნიშნა პრემიერმა.