სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა.
„მივესალმები უკრაინაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებს და ბატონ ელჩს. ვფიქრობ, ძალიან სწორია, რომ დიასპორის დღეს იმართება ეს ღონისძიება, რომელიც ეძღვნება თქვენს დაჯილდოებას. თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის სახეს უკრაინაში. ძალიან მძიმე დროს, რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის დროს, თქვენ შეინარჩუნეთ უკრაინაში საქართველოს არა მხოლოდ წარმომადგენლობა, არამედ საქართველოს სახე. როდესაც ძალიან ბევრმა ჩვენზე დიდმა ქვეყანამ დატოვა საელჩო, გადაიყვანა ლვივში ან საზღვრების გარეთ, თქვენ შეძელით და თქვენმა საელჩომ კიევში, ჩვენმა საკონსულომ ოდესაში გააგრძელეს მუშაობა, ჩვენი დიასპორის, იქ მაცხოვრებელი ქართველების დახმარება. წამოსვლის მსურველების დახმარება და ადგილზეც ყველანაირი დახმარების გაწევა თავშესაფრის კუთხით და სხვა ბევრი ფორმით. მგონი, ეს ფაქტი არასაკმარისად არის ხაზგასმული, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენსა და უკრაინას შორის არსებულ ძალიან დიდი ხნის მეგობრობასა და სოლიდარობაზე. ის ფაქტი, რომ საქართველომ არ შეწყვიტა მართლაც ურთიერთობა ამ ძალიან რთულ პერიოდში და თქვენ არ ტოვებთ თქვენს ადგილს, რაც უნდა მძიმე პირობები იყოს. თუნდაც როცა იყო უშუალო საფრთხე კიევში რუსეთის ჯარების შემოჭრის, მაშინაც თქვენ ეხმარებოდით ადამიანებს, რომ იქ თავშესაფარი მოწყობილიყო. ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და სოლიდარობის. ამას თქვენ გააგრძელებთ. ვიცი, რომ თქვენ ხართ მართლაც იმ ქართული დიპლომატიის წარმომადგენელი, რომლითაც ჩვენ, ყველანი ვამაყობთ. ეს არის დიდი ტრადიცია და ამ ტრადიციას თქვენ აგრძელებთ ღირსეულად. ჩვენ, ყველამ შეიძლება, ვიამაყოთ იმით, თუ როგორ მოიქცა საქართველოს საელჩო და ყველა საკონსულო ამ მძიმე პერიოდში. დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დაჯილდოვდნენ:
გიორგი ზაქარეიშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;
თორნიკე ბერეკაშვილი – ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული;
კუკური თოფურია – უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი;
ნანა ჩაბრავა – უკრაინაში საქართველოს საელჩოს მუდმივი წარმომადგენლობის კონსული;
იაროსლავ მუზიჩკო – საქართველოს საპატიო კონსული ლვოვში.