პრემიერი – ოპოზიციაზე: გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები, ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში და ამას აკეთებდნენ ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია, ეს არის მავნებლობა, მეგობრებო, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა
მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ, სანქციებთან ერთად, ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის” ე.წ მოხალისეები, ეს უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიებში ლაივ-ჩართვებით და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც მსოფლიოში არცერთ ქვეყანას მსგავსი რამ არ გაუკეთებია და პირიქით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მოუწოდებდნენ თავიანთ მოქალაქეებს, არ ჩართულიყვნენ ინდივიდუალურად საომარ მოქმედებებში.
„ჩარტერულ რეისებზე ნებართვას, ბატონებო და ქალბატონებო, გასცემს საქართველოს მთავრობა. იმ დროს, როცა მსოფლიოში არცერთმა ქვეყანამ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არცერთმა მსგავსი რამ არ გააკეთა, პირიქით.
აშშ-ის მთავრობამ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აბსოლუტურად ყველამ, მოუწოდა საჯაროდ თავის მოქალაქეებს საპირისპირო, რომ ისინი ინდივიდუალურად არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში. ამ დროს, ეს ადამიანები, ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები. ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში, კონფლიქტში და ამას აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ეს არის მავნებლობა, მეგობრებო, ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.