გივი მიქანაძე: ოპონენტების ნაწილისგან დესტრუქცია არ მთავრდება და დღევანდელი მათი გამოსვლებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ მათთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, საქართველომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ინტერპელაციაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს, საქართველოში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და მის შედეგად მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„დღეს, ინტერპელაციის ფორმატში, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება, მით უმეტეს, იმ ისტორიულ გზა გასაყარზე, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დგას და ის გადადგმული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ ძალიან ღირსეულად წარადგინა ჩვენს დასავლელ, ევროპელ პარტნიორებთან.
კითხვარში საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის რეფორმები და შედეგები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ვიყოთ ლიდერი ქვეყანა არა მარტო რეგიონში, არამედ ბევრ იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელსაც ამჟამად უკვე მიღებული აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ დესტრუქციას, რომელიც ჩვენი ოპონენტების ნაწილისგან არ მთავრდება და დღევანდელი მათი გამოსვლებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ მათთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და, მით უმეტეს, წარმოუდგენელია და ამის მთავარი მხილება არის ის, რომ მათ ვერ გადახარშეს ის პროცესი, რომ ეს ყველაფერი ხდება სწორედ „ქართული ოცნების” ხელისუფლების სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად. იმ პოლიტიკის, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს და ოპოზიციას, განსაკუთრებით – ბოლო თვეების განმავლობაში, აქვს არაერთი პირდაპირი მცდელობა, რომ ხელისუფლება გამიჯნოს ხალხისგან. ვერ გამოგივათ, ბატონებო! იმიტომ, რომ ხალხის მხარდაჭერით არის ეს ხელისუფლება უკვე მეათე წელიწადია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან დიდხანს იქნება კიდევ იმიტომ, რომ თქვენნაირი რადიკალური მოქმედებებით განპირობებული პროცესები აბსოლუტურად დამანგრეველი და დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის”, – განაცხადა გივი მიქანაძემ. მან ოპოზიციონერ კოლეგებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, ერთი თვის წინ მიღებული რეზოლუცია შეახსენა, სადაც საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზეა საუბარი. „ეს არის რეზოლუცია 24/38, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, სტრასბურგში ზუსტად ერთი თვის წინ, ორწლიანი მონიტორინგის საქმიანობის შედეგად მიიღო და პასუხია გაცემული ყველა თქვენ ე.წ. ბრალდებებზე რეფორმებთან დაკავშირებით, სადაც ასახულია არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. მით უმეტეს, იმ რთული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც თქვენ დამაზიანებლად მოქმედებდით ამ ქვეყნის წინააღმდეგ და როდესაც თქვენ ყველაფერს აკეთებდით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგერწმუნებინათ ე.წ. გაყალბებულ არჩევნებში თუ სხვა პროცესებში, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ. ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, გვაქვს ის პოლიტიკა, რომ ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და ეს პასუხები განმტკიცებულია შესაბამისი არგუმენტებით და ფაქტებით. ეს რეზოლუცია პირდაპირი აღიარებაა იმ ყველა ნაბიჯის, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გადადგა და მინდა გითხრათ, რომ რეზოლუცია იწყება შემდეგი სიტყვებით – „საქართველომ წარმოაჩინა განგრძნობადი და თვალსაჩინო პროგრესი ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით”.
რეზოლუციაში აღიარებულია და განსაკუთრებულ პოზიტივშია აღქმული ის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც „ქართული ოცნების” მეშვეობით და ინიციატივით განხორციელდა. არჩევნებზე, რომელზეც ამდენი პრეტენზია გქონდათ, ნათქვამია რომ ჩატარდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. განსაკუთრებული პოზიტივით არის ნახსენები პარლამენტის ახალი რეგლამენტი და ის საზედამხედველო ფუნქციები, რომლებიც მასში აისახა.
ხელისუფლების წარმატებული და ეფექტური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, დიახ, ესეც აღნიშნულია და თქვენ რომ მოგყავთ უარგუმენტო მტკიცებულებები და განცხადებები, ამის პარალელურად, საპარლამენტო ასამბლეა ამბობს, რომ საქართველოში კორუფციის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.