მაკა ბოჭორიშვილი: ამ ისტორიულ მომენტში ყველას შეუძლია, შეასრულოს ის როლი, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შეუქცევად ეტაპზე გადასვლას
„დღეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია ჩვენი ქვეყანა. ამ ისტორიულ მომენტში ყველას შეუძლია შეასრულოს ის როლი, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შეუქცევად ეტაპზე გადასვლას. ეს ისტორიული პასუხისმგებლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ამ პასუხისმგებლობას არც ცნობენ და ვერც აცნობიერებენ. შესაბამისად ის ტვირთი, რაც ახლავს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მომენტს, დიდწილად არის ხელისუფლების საზიდი”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის გამოსვლისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია იმ გზაზე, რაც უკავშირდება ქვეყნის სწრაფვას გახდეს დემოკრატიული სამყაროს განუყოფელი ნაწილი, იმისათვის რომ უზრუნველყოს ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობის და ურყევი ევროპული არჩევანის დაცვა.
„საქართველო ერთგულად ასრულებს 2014 წელს ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას, რომელიც არის უმტკიცესი საფუძველი ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისათვის და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. სწორედ ამ შეთანხმების შესრულებით და ევროინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმების წარმატებით, საქართველო ღირსეულად და დამსახურებულად არის ლიდერი ბევრი მიმართულებით არა მხოლოდ ასოცირებულ პარტნიორებს შორის, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაშიც, რომელთაც უკვე აქვთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
საქართველო არის ევროკავშირის სანდო და ერთგული პარტნიორი რეგიონში და ეს არაერთხელ აჩვენა ჩვენმა ქვეყანამ. საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი არა მხოლოდ მხარს უჭერს, არამედ ისწრაფვის ევროკავშირისკენ და ამის უკან დგას ჩვენი იდენტობა, ჩვენი ისტორია და ჩვენი კულტურა.
საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის პარლამენტშიც წარმოდგენილმა პოლიტიკურმა ძალებმა, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავებისა ერთხმად დავუჭირეთ მხარი 15 მარტს საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ ყველაფერი გავაკეთეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გვეჩვენებინა საქართველოს ურყევი სწრაფვა ევროკავშირისკენ”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ახლა, როდესაც საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელსიფლებაში. ამასთანავე, ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, საფუძვლად დაედება არა მხოლოდ ევროკომისიის დასკვნა, არამედ ის საზოგადოებრივი აზრიც, რაც არსებობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. „მე მსურს ხაზი გავუსვა აქ ერთ გარემოებას და გავიხსენო ის კამპანია, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას უძღვოდა წინ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მაშინ ეს იყო უმნიშვნელოვანესი, ასევე ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში ინტენსიურ ნეგატიურ მედია კამპანიასთან გვიწევდა ჩვენ გამკლავება. ამის უკან იდგა რა თქმა უნდა ის განზრახვა, რომ ხელი შეშლოდა საქართველოს წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დღეს რა თქმა უნდა, ისევ ვდგავართ ამ საშიშროების წინაშე. ამ კამპანიის უკან დადგომის მსურველები, დამერწმუნეთ, ძალიან ბევრნი არიან და თქვენი ხელშეწყობა ამას არ სჭირდება. მე მინდა გთხოვოთ, ყველას ვინც ამ დარბაზში ხართ წარმოდგენილი, იმათაც, ვინც ამ დარბაზში აღარ სხედან, მაგრამ კვლავ აქტიურად არიან დაკავებული ქვეყნის შესახებ ინფორმაციების გავრცელებით ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ერთი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არა მხოლოდ გულწრფელად, არამედ სრული შეგნებით სურს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, თუ არ დაეხმარებით ამ ქვეყანას ამ ისტორიულ მომენტში, ხელს ნუ უშლით.
თქვენი დღევანდელი წინადადება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუს, რომელსაც ასე დაჟინებით იმეორებდით, სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ამის შემდეგ რასაც აკეთებთ სრულიად ეწინააღმდეგება ამას, მხოლოდ პოპულიზმს თუ მოემსახურება ეს განცხადებები, მეტს არაფერს, ისევე როგორც დღევანდელ დღეს გაჟღერებული კითხვების უმეტესობა,” – მიმართა მაკა ბოჭორიშვილმა ოპოზიციის წევრებს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ შრომისათვის, რაც მათ ევროკომისიის მიერ გადმოცემული კითხვარის უმოკლეს დროში შესავსებად გასწიეს და აღნიშნა, რომ სამინისტროს წარმატებაზე დღეს დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება.
„მსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო კითხვარის შევსების დროულობის მნიშვნელობა. მსგავსი კითხვარების შევსებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა თვეები და ზოგიერთ შემთხვევაში, წლები მოანდომეს, მაშინ როდესაც ამ პროცესს წინ უსწრებდა თავად ევროკომისიის მხრიდან გაწეული უმნიშვნელოვანესი დახმარება. საქართველო ამ კუთხით ასოცირებულ პარტნიორებს შორის იყო გამორჩეული, ყოველგვარი დახმარების გარეშე ჩვენ შევძელით ამ ყოვლისმომცველ კითხვებზე პასუხების მომზადება და უმოკლეს დროში წარდგენა ევროკომისიისთვის. ამ პროცესის სწორად დაგეგმვასა და შესრულებაში პირადად თქვენი და თქვენი სამინისტროს როლი ნამდვილად გამორჩეული იყო და კიდევ ერთხელ მადლობა ამ შრომისთვის”, – მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილმა.