ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ევროპული ქვეყანაა და ქართული კულტურა ევროპული კულტურის ნაწილია

„იმედი მაქვს, ევროკავშირი მიიღებს ბრძნულ, შორსმჭვრეტ და სამართლიან გადაწყვეტილებას, აღიარებს საქართველოს პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და იმას, რომ საქართველო უსწრებს არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, არამედ ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანასაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირში ასევე ღრმად დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა სიგნალს გაუგზავნიან საკუთარი გადაწყვეტილებით არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის საზოგადოებებს, ვგულისხმობ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას საზოგადოებებს, არამედ ოკუპანტი და აგრესორი რუსეთის ხელისუფლებასაც”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, თანამედროვე ცვალებად გარემოში ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპებით ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და სუვერენიტეტის განმტკიცება.

„ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ამ მიმართულებებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით. უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო პოლიტიკას, რადგან ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას საქართველო, შავი ზღვის რეგიონი და მთლიანად ევროპა”, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ქართული კულტურა ევროპული კულტურის ნაწილია. „ადამიანის სიცოცხლე, მისი ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა – ის პრინციპებია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამიტომ გამორიცხულია ჩვენი ქვეყნის თავს ძალად მოხვეული ტოტალიტარიზმის ან ავტორიტარიზმისკენ მიბრუნების ნებისმიერი მცირე შესაძლებლობაც, როგორც არ უნდა ეცადონ ამას ჩვენი შიდა თუ გარე ძალები”, განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. მისი თქმით, მთავარ პრიორიტეტად რჩევა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია.

„2020 წლის ზაფხულში ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ 2024 წელს ვაპირებდით ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განცხადების გაკეთებას. მინდა გითხრათ და შეგახსენოთ ყველას, რომ ჩვენ ვიყავით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც განაცხადის გაკეთებაზე საზოგადოდ, საჯაროდ გააკეთა განცხადება. გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა გახსნა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მყისიერად გამოვიყენეთ და გავაკეთეთ განაცხადი. საპარლამენტო დონეზე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მხარდაჭერის მობილიზებაზე. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები გვაძლევს პოზიტიური მოლოდინების საფუძველს, რომ საქართველოს მიენიჭება ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, მთელი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციაა საჭირო, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მოქმედებს არა ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს ნატოში გაწევრიანება. „ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ამ პროცესის დაჩქარება. საქართველოს დღეს მზად არის წევრობისთვის და სრულიად თავსებადია ნატოსთან ყველა ასპექტში. ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველო, ნატოს ზოგიერთ ქვეყანაზეც კი უფრო მაღალ დონეზეა არაერთი მიმართულებით. საქართველოს ნატოსგან აშორებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოკავშირეების მხრიდან და იმედი მაქვს, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები დააჩქარებენ ნატოში ჩვენს წევრობას. ველოდებით მნიშვნელოვან, არაორაზროვან გადაწყვეტილებას მადრიდის სამიტზე, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გეგმას დასახავს”, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. მან ყურადღება გაამახვილა რეგიონული კავშირების გაძლიერებაზეც.

„საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბდა სამაგალითო სტრატეგიული კავშირი, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს მოიცავს. სომხეთთან ჩვენი მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დამოუკიდებლობის პირველი დღიდან საქართველოს მეგობრებთან, რა თქმა უნდა, რუსეთის გამოკლებით, ასეთი მჭიდრო კავშირები არასდროს ჰქონია”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის საპარლამენტო ასამბლეის ჩამოყალიბებაზე.

„ამ ფორმატის შექმნა ახალ ფურცელს გადაშლის ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობებში და მეტად გაამყარებს ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსულ ენერგორესურსებზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირება სწორედ ამ სამი ქვეყნის დახმარებით, ახალი ენერგომომარაგების და სატრანზიტო დერეფნების განვითარებით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები