ბექა ოდიშარია: დღეს დიასპორელებს სულ სხვა საქართველო ელოდებათ, ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რამხელა შრომა გასწია საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა იმისათვის, რომ ჩვენი ევროპული გეზი გამყარებულიყო
„დღეს დიასპორელებს სულ სხვა საქართველო ელოდებათ. საეტაპო წელია და ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რამხელა შრომა გასწია საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა იმისათვის, რომ ჩვენი ევროპული გეზი გამყარებულიყო. ჩვენ ძალიან მყარად მივიწევთ ჩვენი მიზნისკენ”,- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბექა ოდიშარიამ ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის კეთდება. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროგრამა და პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. „მიხარია, რომ ასეთი დღის წესრიგის მიუხედავად, პრაქტიკულად მთელი მინისტრთა კაბინეტი და საპარლამენტო კომიტეტი არის წარმოდგენილი დღეს და ეს ნიშნავს იმას, თუ რამხელა ყურადღებას აქცევს საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, თითოეული სამინისტროს მიმართულებით დიასპორას.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ადამიანები დავაბრუნოთ საკუთარ მიწაზე. ყველა ქართველი უნდა ფლობდეს საქართველოში მიწას. მე ვისურვებდი, ყველა ქართველი ფლობდეს ქონებას და ყველა ქართველი საქართველოში ფლობდეს ისეთ საქმეს, რომლითაც ის დაასაქმებს აქვე და არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებით, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ძალიან ბევრი თანამემამულე”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ გაიხსენა საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის და დიპლომატის, მიშელ მუსხელის სიტყვები, „საქართველომ კარგად იცის, რომ ის ევროპის ნაწილია, ახლა ევროპამ უნდა გაარკვიოს თავის პოზიციები ამასთან დაკავშირებით” და განაცხადა, რომ საქართველო ელოდება ევროპის ღირსეულ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრის მიერ ძალიან მნიშვნელოვან ევროპულ ფორუმზე წარმოთქმული მიშელ მუსხელის სიტყვები გავიმეორო: – „საქართველომ კარგად იცის, რომ ის ევროპის ნაწილია, ახლა ევროპამ უნდა გაარკვიოს თავის პოზიციები ამასთან დაკავშირებით”. მინდა მივმართო ამ მაღალი ტრიბუნიდან ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და ვუთხრა, რომ სწორედ საქართველომ და აქ მცხოვრებმა თითოეულმა ქართველმა იცის, მაგრამ ასევე იცის ეს მილიონზე მეტმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა, რომლებიც ასევე ელოდებიან ევროპის ღირსეულ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ”,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე შიომ. ღონისძიების ფარგლებში დღის განმავლობაში თემატური პანელები გაიმართება.
მომხსენებლები მიმოიხილავენ საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის მხარდამჭერ ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებს, განიხილავენ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენების გზებს.
ღონისძიების მონაწილეები ასევე ისაუბრებენ კულტურულ დიპლომატიაში ქართული დიასპორის განსაკუთრებული როლის შესახებ. ქვეყნის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის გაზრდის და ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წვლილზე. ასევე, უცხო ქვეყნებში მყოფი ახალგაზრდების პოტენციალს, მათი რესურსის ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართვის შესაძლებლობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით საქართველო, თავისი მდიდარი კულტურული და აკადემიური მემკვიდრეობით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს თანამედროვე მსოფლიოსთვის.
მიმოიხილავენ იმ ინოვაციურ მიდგომებს და ახალ ტექნოლოგიებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება დიასპორასთან მდგრადი თანამშრომლობა, უწყვეტი კომუნიკაცია, სერვისების მიწოდება, რაც მთავარია – ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობა. ფორუმში მონაწილეობენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.