მდინარაძე – ოპოზიციას: იმედი მაქვს, დღეს მაინც გასცემთ პასუხს კითხვას – დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას?
დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას?, – ამ კითხვით მიმართა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უსმენენ.
„ამ ყველაზე აქტუალურ თემასთან დაკავშირებით წინა დღეების განმავლობაში ინტენსიურად ისმებოდა კითხვა, რომლის ადრესატი იყო ქართული ოპოზიცია – საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა თქვენთან დასმულ კითხვებთან ერთად, რომელზეც ჩვენ ჯერ პასუხი არ მიგვიღია და იმედი მაქვს, ჩვენი პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მაინც გასცემენ კითხვაზე პასუხს: დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას? რაც არ უნდა სუბიექტურები ვიყოთ, დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვმართებს ობიექტურობა, რაც უნდა რთული იყოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დღეს ჩვენ მინისტრისგან ველოდებით კითხვებზე პასუხებს და ასევე ველოდებით ამ ყველაზე აქტუალურ კითხვაზე პასუხს ჩვენი ოპონენტებისგან“, – განაცხადა მდინარაძემ.