“მთელი ზაფხული ასწავლიან რუსულ ენას” – ოკუპანტებმა მარიუპოლში სასწავლო წელი 1-ელ სექტემბრამდე გაახანგრძლივეს
რუსეთის საოკუპაციო ე.წ. ადმინისტრაციამ მარიუპოლში სასწავლო წელი 1-ელ სექტემბრამდე გაახანგრძლივა.
ამის შესახებ მარიუპოლის მერის სპიკერმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ ტელეგრამის არხზე დაწერა.
„ოკუპანტებმა სასწავლო წლის გახანგრძლივება 1-ელ სექტემბრამდე გამოაცხადეს. ანუ, არდადეგების გარეშე. მთავარი მიზანია დეუკრაინიზაცია და მომდევნო სასწავლო წლისთვის რუსული პროგრამის მომზადება. ბავშვებს რუსულ ენასა და ლიტერატურას, რუსეთის ისტორიას და მათემატიკა მთელი ზაფხულის განმავლობაში შეასწავლიან“, – დაწერა მან.
ანდრიუშჩენკომ დასძინა, რომ ოკუპანტები 9 სკოლის გახსნას გეგმავენ.
“თუმცა, მხოლოდ 53 მასწავლებელია ნაპოვნი. სკოლაზე 6 მასწავლებელი – ოკუპაციის პირობებში მარიუპოლში რუსული განათლების ნათელი ილუსტრაციაა”, – დასძინა მან.