კახა კუჭავა: საქართველოს ადგილი დიდ, ევროპულ ოჯახშია – ეს იყო თაობების ოცნება, მიზანი და ჩვენ, ერთად, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
“საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!
განსაკუთრებით მინდა, მივულოცო წვევამდელებს, რომლებიც დღეს სამხედრო ფიცს დადებენ – გარწმუნებთ, არაფერია იმაზე ღირსეული, საპატიო, საამაყო საქმე, ვიდრე ემსახურო შენს სამშობლოს, დაიცვა შენი ქვეყანა!
სწორედ დღეს, კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი საქართველოს მეგობრებს, პარტნიორებს, ვისაც სჯერა ქართული სახელმწიფოს ევროპული მომავლის, ვინც ათწლეულებია, ამ გზაზე, მხარში გვიდგას – თქვენ იცით, რომ ფასი, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის გადაიხადა, ძალიან დიდია და ახლა, ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება თქვენი თანადგომა – დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება!
ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი ურყევია – საქართველოს ადგილი დიდ, ევროპულ ოჯახშია! ეს იყო თაობების ოცნება, მიზანი და ჩვენ, ერთად, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ!
დიდება საქართველოს!
დიდება სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებს!”, – წერს კახა კუჭავა.