დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისსა და ქუთაისში დამთვალიერებელს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებს გააცნობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომლის მთავარი თემაც წელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისსა და ქუთაისში ცალკეული ღონისძიებები გაიმართება, რომელიც საზოგადოებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე მიღწევებს გააცნობს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, რომელიც იყოფა თემატურ ნაწილებად. ერთი ნაწილი ეთმობა საქართველოსა და ევროპის ისტორიულ კავშირებს, სადაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ვიზუალური მასალა და ცნობები. მეორე ნაწილი უკვე გადმოსცემს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებს, 1991 წლიდან დღემდე, სადაც ასახულია ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან.

2022 წელს საქართველოს აღნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანასთან, შესაბამისად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სივრცეში დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა თუ რომელ ქვეყნებთან აღინიშნება საიუბილეო თარიღი, წარმოდგენილი იქნება ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოს აქვს დიპლომატიური მისიები.

პავილიონი ასევე აერთიანებს სხვადასხვა გასართობ აქტივობებს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელი იქნება ევროპის ქალაქებში ვირტუალურად მოგზაურობა, 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა და სამახსოვრო ფოტოს გადაღება და სხვა.

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება.
ცენტრალურ მოედანზე ასევე მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არსებულ მიღწევებს, ასევე სპეციალური საგამოფენო სივრცე მიეძღვნება ქუთაისს, ისტორიულად მის საზოგადოებრივ, კულტურულ და შემოქმედებით კავშირს ევროპულ ღირებულებებთან და კულტურასთან.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისში ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი ხელოვნების ანსამბლების კონცერტი. სტუმრებს ასევე ექნებათ სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა. გაიმართება ტურნირი მოყვარულთა შორის სამაგიდო თამაშებში. პატარებისთვის მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია გასართობი პროგრამა და ასევე თეატრალური წარმოდგენა.
17:10-ზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები კი საღამოს 20:00 საათზე, გალა-კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები