ირაკლი ბერაია: საქართველო ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთად აშენებს ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას

„საქართველო ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთად აშენებს ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას და ჩვენს პარტნიორებს, როგორც ბრიუსელში, ასევე, ევროპის დედაქალაქებში, კარგად ესმით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაწინაურების აუცილებლობის საფუძვლიანობაც და ლეგიტიმურობაც”,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზე პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური არჩევანი, ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ემსახურება ერის ამ ნების აღსრულებას ემსახურება. კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა დღეს არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, როგორ პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით და ეს დასტურდება კონკრეტული და გაზომვადი ნაბიჯებით. „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქცა ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციის დონეზე გამყარებულ ვალდებულებად, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებასთან ერთად”,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყველა მნიშვნელოვან ფორმატში იღებს მონაწილეობას. ირაკლი ბერაიამ 6-7 აპრილის ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღინიშნა, რომ მედეგობის გაძლიერების კუთხით, საქართველოს მიმართ ალიანსის მხარდაჭერა იზრდება. „როდესაც აქ დაისვა კითხვა, თუ სად იყო საქართველო, როდესაც ბრიუსელში გაიმართა ნატოს თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრა, ან რატომ არ ვიყავით რამშტაინის ბაზაზე. კოლეგებს ვურჩევდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავს საკითხებს და გადაამოწმონ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ საკითხებს უკავშირდებოდა. ბრიუსელში საქართველო იმიტომ არ იყო, რომ ეს შეხვედრა ეხებოდა ფინეთის და შვედეთის საკითხს და წყნარ ოკეანეში უსაფრთხოების საკითხებს.

ერთი დღით ადრე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ორმხრივ ფორმატში შეხვდა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს. რაც შეეხება რამშტაინს – რამშტაინის ბაზაზე შეხვედრების ფორმატი მოიცავდა იმ სახელმწიფოებს, ვინც სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას და ესწრებოდა მოლდოვა, ომის მოლდოვაზე მყისიერი სამხედრო და ჰუმანიტარული გავლენის გამო. შესაბამისად, ყველას გირჩევთ, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას.

განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ნაცვლად ერთიანი პოზიციების დაფიქსირებისა და შინაარსობრივ განხილვებში ჩართულობისა, ტრადიციულად, ერთი და იგივე სუბიექტებისგან ჩვენ ვისმენდით უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო გამონათქვამებს, ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგ მცდელობებს, რაც ძალიან სამწუხაროა და საუბედუროა. სამი სიტყვა, რითაც დღეს ოპოზიციური სპექტრი შეიძლება დახასიათდეს, არის კომპეტენციის და პასუხისმგებლობის კრიზისი. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ვერ შეაფერხა რუსეთმა სრული კონვენციური და ჰიბრიდული სპექტრის გამოყენებით”,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები