გივი მიქანაძე იუნესკოს ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე, რომელიც ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, იუნესკოში ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელს, სოურია საად-ზოის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ახალგაზრდობის პოლიტიკის კუთხით გაწეული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.
იუნესკოს ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა დისტანციური სტაჟირების პროგრამა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გლობალური პანდემიის დაწყებამდე დაინერგა. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა გასულ კვირას ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირების მნიშვნელობა, რომელიც, მისივე შეფასებით, ბევრ ახალგაზრდას კარიერულ წინსვლაში შეუწყობს ხელს.

მხარეები აქტიურ კოორდინაციაზე, ერთობლივი ტრენინგებისა და პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე შეთანხმდნენ. მიქანაძის ინიციატივის საფუძველზე გადაწყდა, რომ შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის აპარატის თანამშრომელი იუნესკოს ახალგაზრდობის განყოფილებაში 6-თვიან სტაჟირებას გაივლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები