“ფაშინიანმა სომხეთი და ყარაბაღი გეოპოლიტიკურ აუქციონზე გაიტანა” – “წინააღმდეგობის მოძრაობა”

ბრიუსელში, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით, ფაშინიან-ალიევის შეხვედრის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებები აზერბაიჯანის დღის წესრიგს სრულად შეესაბამება, – ამის შესახებ სომხეთის “წინააღმდეგობის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ “სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სავარძლის შესანარჩუნებლად, სომხეთი და ყარაბაღი გეოპოლიტიკურ აუქციონზე გაიტანა”.

„სომხეთი მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომლის მიღმაც ეჭვქვეშ დგება არა მხოლოდ ყარაბაღის მომავალი, არამედ – ამიერკავკასიაში სომხეთის რესპუბლიკის მინიმალური სუვერენიტეტი და სუბიექტობა.

შარლ მიშელის განცხადებაში არ არის ნახსენები ყარაბაღის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება, რომელიც გათვალისწინებულია სომხეთსა და ევროკავშირს შორის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაში, ისევე – როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მანდატი. მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობაზე საუბარი არც კი მიდის, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ 2020 წლის 19 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას. მხარეები ასევე თავს არიდებდნენ ტერმინებს „მთიანი ყარაბაღი“ ან „მთიანი ყარაბაღის ხალხი“. ამის ნაცვლად გამოყენებულია ფორმულირება -„ყარაბაღის ეთნიკური სომეხი მოსახლეობა“, რომელიც გამოიყენება აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის კონტექსტში. ეს ნიშნავს, რომ ყარაბაღის სომხები, პაშინიან-ალიევის შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანის შემადგენლობაში ეროვნულ უმცირესობად მიიჩნევიან.

ასევე, გამოყენებული იყო განმარტება – „ტრანზიტი სომხეთის სხვადასხვა რეგიონს შორის აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით“, რაც იწვევს უკიდურესად საშიშ შედეგებს, მათ შორის, აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთისა და სომხეთის ტერიტორიების სუვერენიტეტზე მორიგი უკანონო პრეტენზიის შესაძლებლობას. აღვნიშნავთ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გატარებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება სომხეთისა და ყარაბაღის ინტერესებს, ემუქრება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას და შესაძლოა, გამოიწვიოს სომხეთის თურქიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ყარაბაღიდან სომხების განდევნას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანი არალეგიტიმურია, მას არ აქვს სომხეთის მოქალაქეებისა და სომეხი ხალხის მანდატი, წავიდეს ახალ დათმობებზე და ემსახუროს თურქულ-აზერბაიჯანულ დღის წესრიგს. მასთან მიღწეული შეთანხმებები არ გამოხატავს სომეხი ხალხის აზრს და ის ბათილია. ყარაბაღი არ შეიძლება, იყოს აზერბაიჯანის შემადგენლობაში რაიმე სტატუსით და სომხეთის ტერიტორიები აზერბაიჯანს არ უნდა გადაეცეს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები არ უნდა ნორმალიზდეს ძალის გამოყენების ან გამოუყენებლობის საფრთხის ქვეშ.

შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არის მარცხის სიმბოლოს – ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადაყენება, ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები