დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ საერთაშორისო შეთანხმებებზე იმსჯელა

მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „2020 წლის 13 ივლისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)” N1 ცვლილების შეთანხმების” თაობაზე იმსჯელა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის 5 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 10 წლის ვადით, ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტის განხორციელებისათვის. პროექტის მიზანია ბაკურიანისთვის საჭირო სპეცტექნიკისა და თანამედროვე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვა. შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება პროექტის ფარგლებში არსებული დანაზოგით დამატებითი სპეცტექნიკის შეძენას და პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღის 2023 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას ითვალისწინებს. სხდომაზე მზია გიორგობიანმა ასევე წარადგინა „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)” N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება”.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის და ასევე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, რომელიც აკავშირებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალს. საპროექტო გზა მეწყერული პროცესების გამო დროებით ჩაკეტვის შემთხვევაში წარმოადგენს ალტერნატიულ შემოვლით გზას. შეთანხმების თანახმად, ამისათვის აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 43 მლნ. 804 ათას აშშ დოლარის ოდენობის სესხს აძლევს.

წარდგენილი ცვლილების წერილ-შეთანხმება ითვალისწინებს სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დასრულების თარიღის გაგრძელებას 2024 წლის 31 აგვისტომდე, 2022 წლის 28 თებერვლის ნაცვლად.

„საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის” N6 ცვლილების წერილ-შეთანხმება” კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გაიტანა. ცვლილება ითვალისწინებს „ფინანსური პროტოკოლით” განსაზღვრული ფრანგ მომწოდებელსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის და გრანტის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას. მომხსენებელმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქმე ეხება 2011 წელს საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებულ ფინანსურ პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც ფრანგული მხარე გამოყოფდა გრანტს 700 000 ევროს ოდენობით, მესტიის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის შემუშავებისთვის, საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის საჭირო კვლევითი, საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვისთვის. ასევე, 18 მლნ. ევროს ოდენობის სესხს მესტიის ხეობის სათხილამურო საბაგირო აღჭურვილობის შესაძენად. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია ორი საბაგიროს მიწოდება-ინსტალაცია.

თეთნულდზე 5 საბაგირო მოწყობილობა მიწოდებულია, აქედან 4 ექსპლუატაციაშია შესული, დარჩენილია ერთი საბაგიროს ტესტირებისა და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული სამუშაო, რომლის დასრულებაც 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ამიტომ საჭირო გახდა გამოყოფილი სესხის და გრანტის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამივე საერთაშორისო შეთანხმების პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები