ენტონი ბლინკენი – „აშშ მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული”

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. სახელმწიფო მდივნის მისალოც წერილში ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული.

ამასთან, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ, “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი, ევრო-ატლანტიკური და წარმატებული მომავლისკენ სწრაფვას. აშშ საქართველოს გვერდით იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში”, – წერს ბლინკენი.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის, ავღანეთში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში.

“ამ მიმართულებით, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნავს ენტონი ბლინკენი ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თავის მიმართვაში ასევე საუბრობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და უკრაინის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წერს, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია.

” გილოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები