გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შუალედური ანგარიშით წარდგა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გივი მიქანაძის მიერ გასულ წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაინიცირებული შუამდგომლობის – „კოვიდ-19 პანდემიის გავლენა ევროპის პატიმრებზე” შუალედური მოსმენა და განხილვა იყო.
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა, სადაც შუამდგომლობის ანგარიშისა და რეზოლუციის პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით ერთი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობა მიმოიხილა. გივი მიქანაძემ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება ევროპის საბჭოს ქვეყნებში პენოლოგიურ სტატისტიკის ანალიზზე, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიგნებებსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკაზე კოვიდ-19 პანდემიის პატიმართა უფლებების შეზღუდვასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით გაამახვილა.
გივი მიქანაძის ინიციატივით, კომიტეტი დათანხმდა წევრ სახელმწიფოებში წინასწარ შემუშავებული კითხვარის დაგზავნას, რომლის პასუხების საფუძველზეც გადაწყდება რომელ ქვეყნებში განხორციელდება საკითხის სიღრმისეული კვლევა. კომიტეტმა ერთხმად მოიწონა განხორციელებული საქმიანობა.
2022 წლის ბოლომდე დაგეგმილია შუამდგომლობის ანგარიშისა და რეზოლუციის პროექტის მომზადება, რაც შემდგომი განხილვისა და საბოლოო დამტკიცებისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 2023 წლის პირველ ნახევარში წარედგინება.