გივი მიქანაძე „ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის” პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანადაფინანსებით მომზადებული პროგრამის – „ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის” მესამე ფაზის – „ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა” წარმომადგენლებს, თომას ჰაინლენს, ლორენცო ნავას და მანანა სართანიას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ის მიმართულებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ახალგაზრდების დასაქმების და მეწარმეობის მიმართულებით, იმსჯელეს პარლამენტის ჩართულობაზე ამ პროექტის განხორციელებაში და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც პროექტს პარლამენტისგან ესაჭიროება.
საუბარი შეეხო კონკრეტულ აქტივობებს, რომელიც არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის, ახალგაზრდებში პროფესიული უნარების განვითარების, დასაქმებისთვის სხვადასხვა აქტივობების ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება.
„აზრთა გაცვლის საფუძველზე გამოირკვა რომ გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა პოზიციებში და ამასთანავე განვიხილეთ ყველა ის სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურა, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისთვის შეიძლება იყოს პარტნიორი და ხელი შეუწყოს ამ პროექტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
შევთანხმდით, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ამ პროექტის განხორციელებასთან მიმართებაში, ვიმუშავებთ ერთობლივად სამინისტროსთან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, რომ პილოტური რეგიონი შეირჩეს, რომელშიც ეს პროექტი განხორციელდება და გვექნება პერიოდული შეხვედრები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ინფორმაცია ერთმანეთს გავუზიაროთ და გამოვკვეთოთ, თუ რა სახის მხარდაჭერა შეიძლება იყოს საჭირო პარლამენტის მხრიდან იმისთვის, რომ ამ პროექტის მიზნები განხორციელდეს და ახალგაზრდობის დასაქმების ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას პროექტის ფარგლებში”, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.