ლევან იოსელიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ლევან იოსელიანმა, პარიზში, სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე ბავშვთა შრომის საკითხებსა და ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამედიცინო, იურიდიულ და ეთიკურ გამოწვევებს, ასევე, ვაქცინით პრევენცირებად დაავადებებთან ხარისხიანი სერვისებით ბრძოლის მექანიზმებს.
„კომიტეტი მნიშვნელოვან თემებს განიხილავს – ეს არის ვაქცინაციის საკითხი, რომელიც ასევე პრობლემურია საქართველოში, არასრულწლოვანთა შრომა, რომელსაც ვხვდებით ჩვენს ქვეყანაშიც და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიცინაში, რაც არის სიახლე და რაზეც ჩვენც უნდა გვქონდეს შესაბამისი პოზიცია. საკითხები, რომელიც ამ კომიტეტზე განიხილება, დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, შრომის უფლებებთან და წევრ სახელმწიფოებში არსებულ გამოწვევებთან”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.