პესკოვი: კრემლი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის არ ემზადება

FILE PHOTO: Kremlin spokesman Dmitry Peskov attends an annual end-of-year news conference of Russian President Vladimir Putin, in Moscow, Russia, December 23, 2021. REUTERS/Evgenia Novozhenina

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების ე.წ. რეფერენდუმი ადგილობრივების განწყობებს ასახავს, თუმცა, მოსკოვში საკითხზე არ მუშაობენ.

ამის შესახებ პესკოვმა დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილების კომენტირებისას თქვა, რომელმაც შესაბამისი შინაარსის ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისისთვის დანიშნა.

„რამდენადაც ჩვენ გვესმის, ეს ნამდვილად არის რესპუბლიკის ზოგადი განწყობის ასახვა, რესპუბლიკის მცხოვრებთა და ამ რესპუბლიკის წინა მეთაურის დამოკიდებულების ანარეკლი. მაგრამ ამ დროისთვის, რუსეთის კუთხით, საკითხზე არანაირი აქტივობა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა კრემლი მიზანშეწონილად ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას არსებულ ვითარებაში, პესკოვმა თქვა, რომ „ეს არის, უპირველეს ყოვლისა, რესპუბლიკის მცხოვრებლების, რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი საკითხი და აქ აუცილებელია, ყურადღება მათ ხედვაზე გამავახვილოთ”.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცესკომ 13 მაისს დაამტკიცა და გაუგზავნა ჯერ კიდევ მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პაკეტი.

თავის მხრივ, ბიბილოვმა ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები