ჩემი პროგნოზით, უახლოეს თვეებში ლარის კურსი 2.90- 3.00-ის ფარგლებში იქნება, შეიძლება, კიდევ უფრო დაიწიოს. არ გამოვრიცხავ, 2,80-2.85 -ის ფარგლებშიც იყოს, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძემ განმარტა, რატომ მყარდება ლარი.
„ვხედავთ, რომ ლარი მყარდება. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ 1 $ 3.00 ლარის ფარგლებში იქნებოდა. ეს რამდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტორთანაა დაკავშირებული.
პირველი ფაქტორი ექსპორტია. იანვარ – აპრილის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, ექსპორტი ძალიან მაღალი მაჩვენებლითაა გაზრდილი, დაახლოებით, 33 %-ით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ექსპორტში ყოველწლიურად იზრდება ადგილობრივი ექსპორტის, ანუ აქ წარმოებული პროდუქციის ხვედრითი წილი. რეექსპორტის გარეშე ექსპორტი რომ ვთქვათ, დაახლოებით, 80 %-მდეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ექსპორტი სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წყაროა. ექსპორტის ზრდა კიდევ ერთ რამეზე მიუთითებს – ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა სხვა ბაზრებზე გადაწყობას იწყებს. ჩვენი სურსათი, მინერალური წყლები, თუ ღვინო, ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში გადიოდა. ომმა პრობლემა შექმნა, არა მხოლოდ მიწოდების თვალსაზრისით, არამედ, როცა ბაზრებზე მსყიდველუნარიანობა ეცემა, ბუნებრივია, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა ჩვენც გვექნება.
მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ტურიზმია. ბოლო მონაცემებით, ტურიზმი, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 70 – 80 %-მდეა აღდგენილი. ტურიზმიც სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
მესამე წყარო ფულადი გზავნილებია. ფულადი გზავნილები დაახლოებით 3-ჯერ და უფრო მეტადაა გაზრდილი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აქ შემოსულ მიგრანტებს, რუსეთ-უკრაინის ომს გამოქცეული ადამიანებს, თანხებს ურიცხავენ.
ეს არის სამი ძირითადი წყარო, რომელიც სავალუტო კურსზე პოზიტიურად მოქმედებს. უფრო მეტი ვალუტა შემოდის, ვიდრე გადის და, ბუნებრივია, თუ სავალუტო ბალანსი დადებითია, ეს დოლარის მიწოდებას ზრდის, შესაბამისად, ეროვნულ ვალუტას ამყარებს.
პროგნოზსაც გეტყვით: უახლოეს თვეებში ლარის კურსი 2.90- 3.00 ფარგლებში იქნება. შეიძლება, კიდევ უფრო დაიწიოს. არ გამოვრიცხავ, 2,80-2.85 -ის ფარგლებშიც იყოს. ზაფხულის პერიოდში ლარი ისედაც მყარდება ხოლმე. ტურიზმიც ახლა იწყებს დაქოქვას.
ბუნებრივია, სავალუტო კურსი ფასებზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს. მთელს მსოფლიოში იმპორტირებული პროდუქციის ფასები გაზრდილია. ფასები აღარ გაძვირდება, ესეც გარკვეული შეღავათი იქნება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9654 ლარია.
თამუნა შეყილაძე