“რუსეთს თუ რამე მიუქარავს ჩვენთან, ყველაფერს ახლა იმკის უკრაინაში” – გიორგი ცუცქირიძე

“რუსეთს თუ რამე მიუქარავს ჩვენთან, ყველაფერს ახლა იმკის უკრაინაში და მესამე ფორმაციის რუსული იმპერიის აღდგენის უპერსპექტივო მცდელობის დასასრულსაც მალე ვიხილავთ”, – ამის შესახებ ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მართალია, ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე 2 ლამის მოღალატედ გამოაცხადა, თუმცა, ამ ფსევდოინტელექტუალური და ფსევდიღირებულებების მქონე ელიტისაგან სხვა მარგალიტებიც უხვად გვახსოვს საქართველოს წარსულის შეფასებისას. მუხრანმაც თქვა “თვალები ცრემლით ევსება ხახმატს: ვერ იდავითა პატარა კახმა! მაგრამ სულ სხვა კონტექსტში იგულისხმა და არა იმ ურთულეს გეო პოლიტიკური ვითარებისას არჩევანის ცალსახად მოღალატეობრივ გადაწყვეტილებაში. ისიც საკითხავია ჰქონდა კი დავითის ეპოქის დარი არჩევანი? ერეკლეს პრორუსობას ვერავინ დასწამებს, სხვა თუ არაფერი ირანის შახის კარზე იყო გაზრდილი და რუსული დიპლომატიის ავან-ჩავანიც სხვებზე უკეთადაც მოეხსენებოდა. მისი არჩევანიც ორ ბოროტებას შორის შედარებით ნაკლები ბოროტებისაკენ იყო. მისმა ამ არჩევანმა შეგვინარჩუნა, ენაც, სარწმუნოებაც და იდენტობაც.

დღეს რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ესეც დიდწილად სწორედ იმ არჩევანის დამსახურებაა, მიუხედავად რუსეთის მხრიდან გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევის, ქართული სამეფოს და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისა. განათლებაც რუსეთის იმპერიიდან შემოვიდა. რუსეთს თუ რამე მიუქარავს ჩვენთან ყველაფერს ახლა იმკის უკრაინაში და მესამე ფორმაციის რუსული იმპერიის აღდგენის უპერსპექტივო მცდელობის დასასრულსაც მალე ვიხილავთ.

ერეკლეს ალტერნატივად თურქეთის შემადგენლობაში მყოფი ქართული ტერიტორიების და იქ მცხოვრებელი ქართული ან თურქეთში მცხოვრები სხვა ეთნოსების მაგალითიც კარგად გამოდგება, სადაც კულტურული ავტონომიაც სანატრელია.

გალაქტიონის ეს წინასწარმეტყველური ლექსიც “მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონი ირაკლისა”- ორი წლის წინ დავდე ფბ კედელზე, და კვლავ მსურს გავიმეორო, რადგან ქართველთა დიდი მეფის ბედისწერა დღევანდელ მოცემულობაში სულ სხვანაირად ჟღერს, როდესაც დიდი ეპოქალური ცვლილებების და ქარიშხლების წინაშე ვდგავართ. არანაკლების ვიდრე ერეკლეს დროს ან თუნდაც გასული საუკუნის ორმოციან წლებში ვიყავით. ეს გენიალური ლექსი მაინც ოპტიმისტურია და მჯერა ამ საუკუნის გამოწვევებსაც გადავიტანთ. აქამომდეც ამან გაგვაძლებინა და მოგვიყვანა, არა ნიჰილიზმმა, არა უიმედობამ, არა ბედთან შემგუებლობამ, და ისტორიის გაუკუღმართებამ, თუნდაც გასული საუკუნის 90-იანი წლების შეფასებისას, რაშიც ამ ფსევდო ელიტას დიდი წვლილი მიუძღვის, არამედ მომავლისადმი ურყევმა რწმენამ!

გალას ამ დიდებული ლექსით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დღეებშია დაწერილი, ბევრი რამ არის ნათქვამი

გაფიქრებდეს ხელარიბი

ზეწარწერა ძველი ხმლისა:

“მე ვარ ავი მუსაიფი

კახთ ბატონი ირაკლისა”.

მუსაიფი, მუსაიფი!

ბევრ კოხტას და არა კოხტას,

მრავალ ხონთქარს, ხანს და ნაიბს

ესმოდათ ის, რაც კი მოხდა.

შორს ნავს ვხედავ მარტოდმარტოს,

წყალზე ვლიდა მუდამ ფრთხილი.

ვეჭვ, ზღვამაც ვერ განგვიმარტოს

მუსაიფი მისი ტკბილი.

გალაქტიონი, 1942 წელი”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები