კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სიტუაცია, რომელშიც რუსეთი იმყოფება, შეაფასა, როგორც “იდეალური ქარიშხალი და სიმართლის მომენტი” და გამოთქვა რწმენა, რომ ამ პირობებში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა მხარდაჭერით სარგებლობს.
ამის შესახებ მან რუსული საზოგადოების “ცოდნის” მარათონზე გამოსვლისას თქვა.
„ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იდეალური ქარიშხლისა და სიმართლის მომენტში. სწორედ იმ ქარიშხალში და სწორედ იმ მომენტში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ჩვენი ინტერესები, გახადოს თქვენი ცხოვრება უკეთესი, კომფორტული, უფრო სტაბილური და უსაფრთხო”, – თქვა პესკოვმა.
მან გამოთქვა რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, “გავიმარჯვებთ და მივაღწევთ ჩვენს ყველა მიზანს”.
“ჩვენმა პრეზიდენტმა იცის, სად მიჰყავს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ, ყველა ვხედავთ, რა პოლიტიკური კონსენსუსი და მხარდაჭერის დონე აქვს ჩვენს პრეზიდენტს – მას მხარს უჭერს მთელი ქვეყანა“, – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ პუტინს “მხარში უდგას ახალგაზრდობა, ასევე, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ყველა თაობა”.
პესკოვის თქმით, “ამჟამინდელი კრიზისი მშვიდობით დასრულდება, სადაც რუსეთის ხმა იქნება გაგონილი და მისი არსებობა კომფორტული იქნება”.
„ნებისმიერი ომი მშვიდობით მთავრდება და ეს მშვიდობა იქნება ისეთი, სადაც ჩვენ ხმას გაიგონებენ, სადაც ჩვენ ვიქნებით კომფორტულად, უსაფრთხოდ და სადაც თავდაჯერებულად დავდგებით ფეხზე“, – თქვა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge